22 ივნისი 2024,   14:28
ვრცლად
ხმაურიანი პროცესი - ე.წ. "ქართული მარშის" წევრებს "რუსთავი 2"-ზე თავდასხმის გამო წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს

თავდასხმა "რუსთავი 2"-ზე - ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ე.წ. "ქართული მარშის" წევრებს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

„მამაო ჩვენო“ ბრალდებულებმა პროცესის დაწყებამდე დარბაზში მოსამართლის შესვლის დროს ერთობლივად წაიკითხეს. ლოცვის დასრულების შემდეგ ე.წ. "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი და "რუსთავი 2"-ზე თავდასხმაში ერთ-ერთი ბრალდებული, ლადო სადღობელაშვილი ცდილობდა მოსამართლე დაერწმუნებინა, თუ რატომ არ უნდა გამოეყენებინა მას წინასწარი პატიმრობა.

ე.წ. "ქართული მარშის" წევრებს გამოძიება ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით ჩადენილ ხულიგნობას, სხვისი ნივთის დაზიანებას და ძალადობას ედავება. დაცვის მხარეს კი მიაჩნია, რომ ორგანიზაციის აქტივისტების მხრიდან ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას და არხის იურისტის თამთა მურადაშვილისთვის ავტომობილში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ასევე არხის ჟურნალისტის დავით ერაძისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხოფა მშვიდობიანი აქციის ნაწილი იყო.

დღევანდელ პროცესზე გამოჩნდა ე.წ. "ქართული მარშის" ლიდერი, სანდრო ბრეგაძეც, რომელმაც კლინიკაში გატარებული 24 საათის შემდეგ სამართალდამცველებს "რუსთავი 2"-ის საქმეზე ჩვენება უკვე მისცა.  

ე.წ. "ქართული მარშის" აქტივისტების საქმის არსებითი განხილვა 8 მაისს გაგრძელდება. "რუსთავი 2"-ის საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული ტელეკომპანიის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა ორგანიზაციის სხვა წევრების მიმართაც დაიწყოს.

დღის ამბები