20 აპრილი 2024,   13:55
ვრცლად
ვარკეთილის ბაზრობის მეწილე ამტკიცებს, რომ ნუგზარ კახიძის შეკვეთილი მკვლელობის შემდეგ, მსხვერპლი ის გახდება

ვარკეთილის ბაზრობის მეწილე, იამზე ქავთარაძე ამტკიცებს, რომ ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის შეკვეთილი მკვლელობის შემდეგ მსხვერპლი ის გახდება. მას წლებია, ბიზნესპარტნიორებთან დავა აქვს. ქავთარაძეს და აქციების სხვა მცირე ნაწილის მფლობელებს ეჭვი აქვთ, რომ მათ კუთვნილ მოგებას მსხვილი მეწილეები და ბაზრობის ადმინისტრაცია ითვისებენ.

2013 წლის შემდეგ „ვარკეთილი 96-ის“ მეწილეებს ფინანსურ დოკუმენტაციასთან წვდომა დაუბლოკეს. თანხის მითვისებაში ისინი პირდაპირ ბაზრის ყოფილ დირექტორს, ოთარ პირველს ადანაშაულებენ, რომელიც ამ საქმეზე ერთი წლის წინ დააპატიმრეს და გაათავისუფლეს.

"ვარკეთილი 96-ის" მეწილეები ამბობენ, რომ მათ მოკლული ბიზნესმენის ნუგზარ კახიძის მსგავსად, დაპირისპირება აქვთ ბაზრის ყოფილ დირექტორთან, ოთარ პირველთან.

უკვე მესამე დღეა პოლიცია 68 წლის ბიზნესმენის, ვარკეთილის ბაზრის ერთ-ერთი მფლობელის, ნუგზარ კახიძის მკვლელს ეძებს. მკვლეობის ვერსია რაზეც გამოძიება მუშაობს ბიზნეს წილების გამო დაწყებული დავაა.

მოკლული ბიზნესმენის ოჯახის სახელით დღეს განცხადება ადვოკატმა პაატა სალიამ გააკეთა. მან დაადასტურა, რომ მოკლულ კახიძეს ბიზნესპარტნიორებთან დავა ჰქონდა.

„კურიერს“ ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს, რომ ვარკეთილის ბაზრობის მფლობელების შესაძლო ფინანსური მაქინაციების შესახებ სისხლის სამართლის საქმის ძიება მიმდინარეობდა. უწყების ცნობით, სისხლს სამართლის ორ საქმეში ბაზრობის ყოფილი დირექტორი ოთარ პირველი ფიგურირებს.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები