18 ივნისი 2024,   09:24
ვრცლად
სახლების ძარცვის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 4 მოქალაქე, მადრიდის ციხეში ესპანური სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება

საქართველოს 4 მოქალაქე მადრიდის ციხეში ესპანური სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, რომლებიც მადრიდში სახლებს ძარცვავდნენ, ბრალი, ერთდროულად, 4 მუხლით წარედგინათ.

საქართველოს 4 მოქალაქე ესპანელმა სამართალდამცველებმა მადრიდში სავარაუდოდ ერთ-ერთი სახლის გაქურდვის დროს დააკავეს. სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეების სახლებიდან 9 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

საქართველოს 4 დაკავებული მოქალაქიდან 3 ძმები არიან. ოთარ და მალხაზ ბოლქვაძეები წარსულში სხვადასხვა დანაშაულზე ნასამართლევები იყვნენ, სასჯელისგან კი ამნისტიის შედეგად გათავისუფლდნენ.

დაკავებულთა შორისაა, საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქე, ბექა ბოლქვაძეც, რომელიც „კურიერის“ ინფორმაციით, ოთარ და მალხაზ ბოლქვაძეების ნახევარძმაა. ის წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა.

ბოლქვაძეებისგან განსხვავებით, დიდი ხანია არაა, რაც ესპანეთში წავიდა დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი, ლევან ჯოხაძე, რომელიც ასევე წარსულში ნასამართლევია.

საქართველოს მოქალაქეები მადრიდში ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შედეგად დააკავეს. ისინი ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით გასამართლდებიან. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ქართველების სავარაუდო დანაშაულებების შესახებ ინფორმაცია მათ ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც აქვთ. მათ დასაკავებლად კი შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად თანამშრომლობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები