საქართველოს ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მორაგბემ მამუკა გორგოძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა. გორგოძეს ეროვნული გუნდში 69 ტესტ-მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 11 კაპიტნის რანგში. გორგოძე 6-ჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო მორაგბე. მან მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიო თასზე, 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.
2015 წლის მსოფლიო თასზე ის ბორჯღალოსნების კაპიტანი იყო სადაც საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური ნაადრევად მოიპოვა. 2014 წლიდან დღემდე მამუკა გორგოძე საფრანგეთის ტულონის ღირსებას იცავს.