14 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
გლოვა ტყიბულსა და მთელ საქართველოში - დაღუპული მეშახტეების ოჯახებს კითხვებზე პასუხები ისევ არ მიუღიათ

გლოვა ტყიბულსა და მთელ საქართველოში - მინდელის შახტში დაღუპულები დღეს ოჯახებში გადაასვენეს, ქვეყანაში კი ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე დროშები დაშვებულია.

დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრების ნაწილი „საქნახშირისა“ და ინდუსტრიული ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდებოდა. ტრაგედიიდან 24 საათის შემდეგაც კი დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახის წევრებისთვის მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის მიზეზების შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება ვერ ხერხდება.

ტრაგედიის ადგილი დღეს კიდევ ერთხელ დაათვალიერეს ექსპერტებმა. სპეციალურ ჯგუფს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მუშაობს, პროფკავშირების ექსპერტებიც შეუერთდნენ.

„კურიერის" ინფორმაციით, ტყიბულში ჩამოსული იყო ინვესტორი დავით ბეჟუაშვილი, რომელიც კომპანია „საქნახშირს“ ფლობს. ის დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდა.

სამოქალაქო სექტორი მინდელის შახტში დატრიალებული მორიგი ტრაგედიის გამო მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობას აყენებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გამოძიების არაეფექტურობაზეც საუბრობს.

მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული სამი მეშახტიდან ერთის მდგომარეობა ამ დროისთვის ისევ მძიმეა. თავის არეში მიღებული ტრავმებით ის ამ დრომდე ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

საქნახშირის გადაწყვეტილებით, დაღუპულების ოჯახები 20-20 ათასი ლარის კომპენსაციასა და სხვა სახის დახმარებას მიიღებენ.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები