სასიკვდილო განაჩენი ხალხისთვის - ადამიანების სიცოცხლე, რომელიც ოქროს მოპოვებას ეწირება. ბოლნისსა და დმანისში კლინიკები პაციენტების მიღებას ვეღარ აუდიან. მძიმე მეტალებით დაბინძურებულ ნიადაგში მოყვანილი პროდუქტი, პრაქტიკულად, საწამლავია, თუმცა, ხალხს სხვა არჩევანი არა აქვს.
ოქროს მომპოვებელი საწარმოს მუშაობა ბოლნისსა და დმანისში ადამიანებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ.
ბოლო კვლევა აქ მწვანე ალტერნატივამ ჩაატარა. ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ მონაცემების დაჯერება გარემოს დამცველებსაც უჭირდათ.
საძოვრებზე საქონელი იწამლება, შესაბამისად, რეგიონში არც მცენარეული და არც ცხოველური ნაწარმი უსაფრთხო არ არის.
რეგიონულ საავადმყოფოში პაციენტები ფარისებრი ჯირკვლის პრობლემით, გულსისხლძარღვთა და ფილტვების დაავადებების და ინტოქსიკაციის ჩივილებით მიდიან. ასევე, პაციენტებს შორის არიან სიმსივნით დაავადებულები.
ადგილობრივი მოსახლეობა სიკვდილიანობის მატებასა და შობადობის კლებაზე საუბრობს. მათ ცხოვრება მშობლიურ სოფლებში აშინებთ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვთ.
ბოლნისისა და დმანისის რაიონების სოფლებში ნიადაგსა და წყალში სპეციალისტებმა გადაჭარბებული რაოდენობით ტყვია, კადმიუმი მაგნიუმი და სპილენძი აღმოაჩინეს.
RMG GOLD-ის საბადოს მიმდებარე სოფლების მოსახლეობა სამედიცინო კვლევებს, რამდენად დიდია მათ სისხლში მძიმე მეტალების რაოდენობა, ვერ იტარებენ. კვლევები საკმაოდ ძვირია. სინჯებსაც მხოლოდ თბილისის რამდენიმე კლინიკაში იღებენ და კვლევისთვის ევროპის სხვა ქვეყანაში აგზავნიან.
მოსახლეობა სახელმწიფოსგან ითხოვს, დაავალდებულოს ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG GOLD, რომ მათი მიზეზით დაავადებული მოსახლეობის ჯანმრთელობაზე იზრუნოს.