25 აპრილი 2024,   03:55
ვრცლად
მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები - ოპოზიციის ნაწილი საერთო კანდიდატის ირგვლივ გაერთიანების მომხრეა 

„მთავარი ღირებულების გარშემო უნდა გავერთიანდეთ, ეს არის ოლიგარქიის დამარცხება,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიან კანდიდატზე საუბრისას გააკეთა.

მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანების იდეას მხარს უჭერს.

„მთავარი ღირებულების გარშემო უნდა გავერთიანდეთ. ეს არის ოლიგარქიის დამარცხება. რას ნიშნავს ოლიგარქია? ოლიგარქია ნიშნავს ერთი ვიწრო კლანური მმართველობა  მდიდრდება და დანარჩენი საქართველო ღარიბდება. ფიზიკურად ვერ ვხვდები კმაყოფილი მოქალაქეს ამ ქვეყანაში. ფიზიკურად ვერ ვხვდები ადამიანს, ვისაც აქვს უკეთესი ხვალინდელი დრის რწმენა ივანიშვილის მმართველობის პირობებში, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ჰყავს ივანიშვილს დასაქმებული საჯარო სამსახურებში მაღალ თანამდებობებზე,“-  განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

„ერთობა არის მნიშვნელოვანი. ერთობა წალეკავს ივანიშვილს, შარშანდელი თოვლივით გააქრობს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ყველა პარტიასთან „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის სათანამშრომლოდ როგორც თანასწორი,“ - აღნიშნავს ნიკა მელიამ.

გაერთიანებისა და საერთო კანდიდატის შერჩევის აუცილებლობაზე საუბრობს "ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი, მანანა ნაჭყებია.

„არა თუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელია რომ ოპოზიციამ მონახოს კონსენსუსი და შეჯერდეს ერთ კანდიდატზე. ერთ-ერთ მათგანი არის ალბათ პრეზიდენტი მარგველაშვილი. ჩემთვის, ყველაზე საუკეთესო კანდიდატია,“ - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთა „ეროვნულ-დემოკრატიული“ მოძრაობის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.

„ერთი რამ შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ უკვე არის დაწყებული ეს პროცესი და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც ყველაზე დიდი მხარდაჭერის და რეიტინგის მქონე პოლიტიკური ორგანიზაცია როცა ამ საკითხში თვითონ არის აქტიური და იჩენს ინიციატივას, ეს არის ხელშემწყობი ფაქტორი იმისა, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა მოახერხოს გაერთიანება,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

 

 

 

 

 

დღის ამბები