21 დეკემბერი 2024,   20:26
ვრცლად
შეიარაღებული თავდასხმა პოლიციაზე - კახეთში მამაკაცი სამართალდამცველებს იარაღით ემუქრებოდა

შეიარაღებული თავდასხმა კახეთში ჩალაუბნის პოლიციის განყოფილებაზე - ახალგაზრდა მამაკაცი სანადირო თოფის გამოყენებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სამართალდამცველს იარაღის საცავის გახსნას სთხოვდა. პოლიციის განყოფილებაში გურამ კაღაშვილს არ უსვრია. შენობა ავტომანქანით დატოვა და გაზგასამართ სადგურზე გაჩერდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს უკან პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მიჰყვებოდა, ამიტომ მამაკაცმა სწრაფი სიჩქარით ტერიტორია გურჯაანის მიმართულებით დატოვა.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი დევნიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. ოჯახის ცნობით კი, გურამ კაღაშვილი ინციდენტიდან რამდენიმე საათში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ფეხით გადაადგილდებოდა.

სანადირო თოფი, რომლითაც გურამ კაღაშვილი პოლიციის განყოფილებაში შევიდა, მის მამას ეკუთვნის. ოჯახში არ იციან, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გაღიზიანების მიზეზი. მამა ვარაუდობს, რომ მისი შვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და საკუთარი ქცევები ვერ გააკონტროლა.

გურამ კაღაშვილის საბრალდებო დასკვნაში მის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ შესაძლო დანაშაულზე წერია.

გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცმა, სანამ ის პოლიციის განყოფილებაში შევარდებოდა, სოფელ ბოდბეში მეზობლის ავტომანქანა გაიტაცა. განსხვავებულია ოჯახის ვერსია.

გურამ კაღაშვილს გურჯაანის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

დღის ამბები