21 დეკემბერი 2024,   20:12
ვრცლად
„გედევან ფოფხაძეს რამდენჯერმე აქვს ენმ-ს წარმომადგენლებისთვის ხმა მიცემული“ - მამუკა მდინარაძე

"აჟიოტაჟი" - ასეთ სახელს არქმევს მამუკა მდინარაძე იმ დაპირისპირებას, რაც საპარლამენტო უმრავლესობაში ბოლო პერიოდში მიმდინარეობს.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ "შეიძლება, ესა თუ ის პირი ვინმესთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ არსებობს კანონი, რომელიც არეგულირებს კვოტირებას პარტიებისთვის და ამაზე პროტესტის გამოხატვა, უბრალოდ, გაუგებარია".

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ იგივე მოხდა ნინია კაკაბაძის შემთხვევაშიც და გედევან ფოფხაძემ შეცდომა დაუშვა, როდესაც ასე დაუპირისპირდა მმართველ გუნდს. ის აცხადებს, რომ ნინია კაკაბაძე მისთვისაც და უმრავლესობის წევრებისთვისაც მიუღებელი იყო, მაგრამ კვოტირების გამო, მისი კანდიდატურა გავიდა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, გედევან ფოფხაძის შეცდომის გამო, საზოგადოებას არასწორი შთაბეჭდილება შეექმნა მიმდინარე მოვლენების თაობაზე.

მამუკა მდინარაძემ ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც პირადად მან არ დაუჭირა მხარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ოპოზიციის კვოტით წარდგენილ ნინია კაკაბაძის კანდიდატურას და თქვა, რომ "ის პირდაპირ ოპოზიციის სახე იყო".  მან ასევე აღნიშნა, რომ მითითება ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის არც ერთ წევრს არ ჰქონია და ყველამ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება.

„პრობლემა გაჩნდა მას შემდეგ, რაც არასწორი მიმართულება მიეცა, მათ შორის საზოგადოების მხრიდან აღქმაშიც,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„გედევან ფოფხაძის შეცდომა იყო ის, რომ პატრიარქის მაგინებელ ადამიანის ამრჩევ დეპუტატებთან მე საერთო არა მაქვს და გავდივარ უმრავლესობიდან. ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება. საზოგადოებაც შეცდომაშიც შეიყვანა იმიტომ, რომ არავინ არ აუხსნა კვოტირების თემა, რომ გედევან ფოფხაძეს რამდეჯერმე ხმა აქვს მიცემული, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისთვის და ასევე მიუღებელი ადამიანებისთვის, რომლებიც არანაირ ნდობას, პატივისცემას არ იმსახურებდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში სტანდარტი იყო განსხვავებული. აი, ეს იყო შეცდომა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ თქვა ჭიჭინაძემ ის, რაც თქვა მაშინ, როდესაც პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და თქვა, რომ განხილული იქნა რამდენიმე დეპუტატის განცხადებები. საუბარი შეეხო მათ დისციპლინურ საკითხს. მან თქვა, რომ სანქციებზე განხილვა არ ყოფილა და დაიგეგმა ამ დეპუტატებთან შეხვედრა და კონსულტაციები.

„ასეთი მასშტაბის ეს პრობლემა არ არის,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, აბსურდია იმის თქმა, რომ არასდროს არაფერი ხდება პარტიაში და პრობლემები არ არის, ან არ ყოფილა თანაგუნდელებს შორის ცხარე კამათი. 

დღის ამბები