21 დეკემბერი 2024,   20:24
ვრცლად
"ეს ჩემი კანის ფერის გამო მოხდა" - ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე მომხდარის დეტალებს იხსენებს

ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე - სამუელ ალავოდი, გადაცემა არჩევანში დაპირისპირების დეტალებს იხსენებს.

მისი თქმით, აღნიშნულ სტადიონზე ხშირად თამაშობენ ხოლმე ის და მისი მეგობრები. სამუელ ალავოდი ყვება, რომ თამაშის დაწყებისას რამდენიმე ბავშვი სტადიონის მეორე მხარს თამაშობდა კალათბურთს. დაპირისპირებაც მას შემდეგ დაიწყო, რაც ბავშვებს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სთხოვეს, რომ სტადიონის მეორე ზოლში გადასულიყვნენ.

„არავის არავინ გაუგდია. ჩვენ დავიწყეთ თამაში და ბურთი ყველა მხარს დაფრინავდა. ბურთით ნებისმიერი შეიძლება, დაზიანდეს. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი სწრაფად დარბოდა და ამ დროს ბავშვი ცდილობდა მოედნის გადაკვეთას. ეს ჩემი მეგობარი ამ ბავშვს შემთხვევით დაეჯახა. ვიდრე ბავშვი წაიქცეოდა, ცდილობდა მის დაჭერას, რომ არ დაცემულიყო,“ - განაცხადა სამუელ ალავოდმა და თქვა, რომ სწორედ ამის შემდეგ მიმართეს მათ ბავშვს, რომ ზოლის მეორე მხარეს გადასულიყვნენ და გვერდით ეთამაშათ.

სამუელ ალავოდი ამბობს, რომ სურვილი ჰქონდათ, ბავშვებისთვისაც შეეთავაზებინათ თამაში, მაგრამ, რადგან უფროსები იყვნენ, ბავშვები რომ არ დაშავებულიყვნენ, ამისგან თავი შეიკავეს.

ნიგერიელი სტუდენტი ყვება, რომ მალევე ამ ინციდენტიდან მათთან მივიდა მამაკაცი, რომელიც იყო ძალიან აგრესიული და სთხოვდა, დაეტოვებინათ მათ სტადიონი. სამუელ ალავოდი ამბობს, რომ ისინი ცდილობდნენ ამ ადამიანთან მოლაპარაკებას, თუმცა, უშედეგოდ.

„ის მოვიდა და გვიყვიროდა. ჩვენ ვცდილობდით მის იგნორირებას და ვაგრძელებდით თამაშს. მე მხოლოდ ვნახე, რომ ქართველი კაცი მოვიდა და ხელი დაარტყა ნიგერიელ ბიჭს,“ - განაცხადა სამუელ ალავოდიმ და აღნიშნა, რომ მალევე ადგილზე 7-8 ადამიანი გაჩნდა, რომლებმაც მათი გაყრა დაიწყეს სტადიონიდან.

ის ასევე იხსენებს, რომ შენობის ზედა ნაწილში იდგა ადამიანი, რომელსაც "ბაზუკას" მსგავსი რაღაც ეჭირა ხელში და ის მათკენ იყო მიმართული.

სამუელ ალავოდი ადგილზე პოლიციის მისვლის თაობაზეც ყვება და ამბობს, რომ სამართალდამცავები ამ ინციდენტიდან 10 წუთში მივიდნენ. ნიგერიელი სტუდენტის თქმით, პოლიციას არაფერი გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აჩვენებდნენ ვიდეოებს და ასევე უყვებოდნენ დაწვრილებით მომხდარის შესახებ. ამასთან, პოლიციელები ადგილზე მისვლისას ჯერ ქართველებს დაელაპარაკნენ.

ნიგერიელი სტუდენტი ამბობს, რომ თავდასხმა, რომელიც მათზე განხორციელდა, განპირობებული იყო კანის ფერის გამო.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ადამიანებში დავინახე ბრაზი. სანამ დამარტყამდნენ, ვცდილობდი, ისინი დამემშვიდებინა, რადგან მე არ ვჩხუბობ. სწორედ მაშინ დამარტყეს, როცა მათ დამშვიდებას ვცდილობდი. მე არაფერი დამიშავებია მათთვის. მე უმიზეზოდ მცემს,“ - განაცხადა სამუელ ალავოდიმ

მან ასევე თქვა, რომ აქვს სურვილი იმ ამხანაგურ თამაშში მიიღოს მონაწილეობა, რაზეც ქალაქის მერმა ისაუბრა. 

 

დღის ამბები