21 დეკემბერი 2024,   19:06
ვრცლად
ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს და პრემიერს მიმართავენ

ზესტაფონში, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ.

ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებულებმა საპროტესტო აქცია დღეს მმართველი პარტიის ოფისთან გამართეს.

აქციის მონაწილეები პრემიერს მიმართავენ და ზესტაფონში არსებული მდგომარეობით დაინტერესებისაკენ მოუწოდებენ.

მათი განცხადებით, ისინი "ქართული ოცნების" დაარსების დღიდან კოალიციის მხარდამჭერები არიან. მათივე თქმით, გათავისუფლების შემდეგ მერს მიზეზების ახსნა მოსთხოვეს, კახაბერ მახათაძემ კი პასუხად განუცხადა, რომ ისინი მისი მხარდამჭერები არ არიან.

„როდესაც შევხვდი მერს და გავესაუბრე ვუთხარი ბატონო კახაბერ ჩემი გათავისუფლება არის უკანონო, მან მითხრა, რომ თქვენ არ ხართ ჩემიანი“- ამბობს გათავისუფლებული თანამშრომელი იამზე მარაქველიძე.

ზესტაფონის მერიაში კი აცხადებენ, რომ თანამშრომლები მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლდნენ.

„ზესტაფონის მერიაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია და ეს ადამიანები სწორედ რეორგანიზაციის შედეგად იქნენ გათავისუფლებულები. მერიაში ადამიანზე არჩევანი კეთდება მათი პროფესიონალიზმის მიხედვით და არა მათი პარტიული ნიშნის მიხედვით“- ამბობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე დუგლაძე.

ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებულებმა სამსახურში დაბრუნების მიზნით სასამართლოს უკვე მიმართეს. 

დღის ამბები