21 დეკემბერი 2024,   18:59
ვრცლად
ირაკლი კობახიძის წესები „ქართულ ოცნებაში“ და დაპირისპირება დავით ჭიჭინაძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის

ახალი წესები „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის - პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მმართველი გუნდის წევრებს მის მიერ შედგენილ ახალ წესებს უახლოეს დღეებში წარუდგენს.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დეპუტატების ნაწილი კონკრეტული განცხადებებით შეცდომებს უშვებს და აანონსებს, რომ ეს საკითხი უახლოეს დღეებში მოწესრიგდება.

დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ კი ირაკლი კობახიძე დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ახალი წესების მხარდაჭერის შემდეგაც, ის გარკვეულ შემთხვევებში წესებს არ დაემორჩილება. 

რა გაიწერება უმრავლესობის დისციპლინის დოკუმენტში და როგორი სანქციები ემუქრებათ ურჩ დეპუტატებს, ამას ჯერ არ აკონკრეტებენ. ცნობილია, მხოლოდ დოკუმენტის მიზანი, მან „ქართული ოცნების“ შიგნით არეულობა უნდა დაალაგოს და დაპირისპირება დაასრულოს.

დეპუტატები, რომლებმაც არ იციან, რის გაწერას აპირებს დოკუმენტში კობახიძე, იმედოვნებენ, რომ მათ საჯარო განცხადებების გაკეთებაზე შეზღუდვას არ დაუწესებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დოკუმენტს მხარდაჭერა არ ექნება.

უმრავლესობის სხდომა, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე თანაგუნდელებს ქცევის წესების დოკუმენტს წარუდგენს, სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება, რომელსაც 116 დეპუტატი უნდა დაესწროს.

რა ბედი ელით იმ დეპუტატებს, რომლებისთვისაც შესაძლებელი ფურცელზე გაწერილი დისციპლინის მიუღებელი აღმოჩნდეს, ჯერჯერობით, უცნობია.

დღის ამბები