21 დეკემბერი 2024,   19:07
ვრცლად
ფარული გარიგება და კოორდინატორების სიიდან ამოღება - ირაკლი ალასანიას ყოფილი თანაგუნდელი "ქართული ოცნების" საარჩევნო სქემაზე ალაპარაკდა

"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი „კურიერთან“ ღიად ყვება სქემაზე, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე ისინი დამკვირვებლების გარეშე დატოვა. ზაზა ქირია, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი იყო, ამტკიცებს, რომ „ქართულ ოცნება“ მას გაურიგდა და ოპოზიციის კოორდინატორების ნაცვლად სიებში „ქართული ოცნების“ აგიტატორები ჩასვა.

ქირიას თქმით, ამ სქემის შედეგად გამარჯვება „ოცნების“ კანდიდატმა, დიმიტრი ხუნდაძემ მხოლოდ 44 ხმით მოიპოვა და დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი პარლამენტს მიღმა დარჩა.

ზაზა ქირიას მტკიცებით, იგივე სქემა განხორციელდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც. მისი თქმით, მას მცხეთის საკრებულოს დეპუტატობა სურდა. იმის გამო, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს, ქირია კენჭს დამოუკიდებლად, „რესპუბლიკური პარტიის“ ფინანსური მხარდაჭერით იყრიდა.

ქირის განცხადებით, მას დიმიტრი ხუნდაძემ ამჯერად უკვე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გიორგი კაპანაძის სასარგებლოდ, კანდიდატურის მოხსნა და მის ხელთ არსებული ფინანსური რესურსის ოცნების შტაბში გადამისამართება ურჩია. ქირიას თქმით, ხუნდაძემ შეახსენა, რომ მისი ორი შვილი ადგილობრივ მუნიციპალიტეტში იყო დასაქმებული.

ის, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ კუთვნილი თანხა საბოლოოდ „ოცნების“ კოორდინატორების ხელფასებზე დაიხარჯა, მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს. დოკუმენტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ 46-მა კოორდინატორმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობისთვის ხელფასი ოპოზიციური პარტიის კუთვნილი სახსრებიდან მიიღო.

ადამიანების ნაწილი, რომლებიც ოფიციალურ სიაში კოორდინატორებად არიან გატარებულები, „კურიერთან“ სატელეფონო ინტერვიუში ამბობენ, რომ არც უბნებზე უმუშავიათ და კუთვნილი 80 ლარიც ამ დრომდე არ მიუღიათ.

ოპოზიცია ამბობს, რომ სახეზეა დანაშაულის ნიშნები, რის გამოც გამოძიება უნდა დაიწყოს.

დღის ამბები