08 მაისი 2024,   00:16
ვრცლად
"ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებ" - პოლიციამ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ზვიად დევდარიანი გამოკითხა

სექსუალური შევიწროების საქმეზე ზვიად დევდარიანმა გამოძიების შეკითხვებს უპასუხა. სიდას ყოფილი ხელმძღვანელი პოლიციის სამმართველოში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

მას შემდეგ, რაც ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, მან ორგანიზაციის აღმსარულებელი დირექტორის პოსტი დატოვა და ამასთან უარი თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატობაზე.

სამმართველოს დატოვების შემდეგ ზვიად დევდარიანმა განაცხადა, რომ ის მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის და ამასთან აპირებს, სამართლებრივი გზით იბრძოლოს სიმართლის დასადგენად.

„მზად ვართ ვითანამშრომლოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საგამოძიებო ორგანოებთან, სახალხო დამცველთან იმიტომ, რომ ჩვენ ვთვლით, რომ ერთადერი გზა ჩვენი მხრიდან არის სამართლებრივი გზა. ასე რომ, ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ," - განაცხადა დევდარიანმა. 

ადვოკატი ამბობს, რომ ყველა დასმულ შეკითხვას ზვიად დევდარიანმა პასუხი გასცა. ის გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარეს. ამასთან, უფლებადამცველი ნინო ბარაჩაშვილი ამბობს, რომ ხელი გაუთქმელობის შესახებ დოკუმენტს მოაწერა და სხვა დეტალებს ვერ გაახმაურებს. 

ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში ორგანიზაცია ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა. ორგანიზაციამ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა და პარლამენტს მოუწოდა, მხარი არ დაეჭირა სახალხო დამცველის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენილ ზვიად დევდარიანისთვის. ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ  ზვიად დევდარიანი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში. 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები