
1 თებერვლიდან საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალ გათამაშებას დაიწყებს. ჩვენს ნაკრებს ჯგუფში შვეიცარია, ნიდერლანდები და ესპანეთი ჰყავს. "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის 37 მორაგბეს უხმო. გამოძახებულთა შორის 21 მორკინალი და 16 ხაზის მოთამაშეა. შეკრებაზე რვა ისეთი მოთამაშე იქნება, რომელთაც "ბორჯღალოსნების" კვართი ჯერ არ მოურგიათ. ესენი არიან ირაკლი ქვათაძე, ბაჩუკი ჭუმბაძე, თემურ წულუკიძე, დავით ლაგვილავა, გიორგი ხაინდრავა, შალვა აფციაური, ამირან შვანგირაძე და დაჩი პაპუნაშვილი. წულუკიძე, ლაგვილავა და ხაინდრავა ეროვნულში, 20-წლამდელთა ნაკრებიდან დაწინაურდნენ.
საქართველოს ნაკრებს რაგბის ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში 15-ჯერ აქვს მოგებული. შარშან "ბორჯღალოსნებმა" ფინალში პორტუგალია დაამარცხეს.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი