22 დეკემბერი 2024,   10:22
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის თარიღი ისევ უცნობია - შეკრებამდე კი "ქართული ოცნების" დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ 

საპარლამენტო უმრავლესობის ხვალინდელი სხდომა შესაძლოა, არ შედგეს. კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს, თუ სად და როდის უნდა გაიმართოს სხდომა. ვინაიდან სხდომა ხვალ ქუთაისში უნდა გამართულიყო, დიდი ალბათობით, პრემიერი გიორგი კვიირიკაშვილი ქუთაისში ჩასვლას ვერ მოახერხებდა.

ამიტომ დეპუტატები საუბრობენ, რომ სხდომა კვირის ბოლომდე, მაგალითად, შაბათს თბილისში, პარტიის ოფისში გაიმართოს. მმართველი გუნდის ნაწილი ითხოვს, რომ შეკრებას ბიძინა ივანიშვილიც დაესწროს. 

მართველი გუნდის შეკრებაზე მსჯელობას კი "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის კონფლიქტი უძღოდა. პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატები მანდატურის სამსახურმა გააშველა. პოლიტიკური განცხადებებით დაპირისპირება მმართველ პარტიაში ლამის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ერთმანეთს „ქართული ოცნების“ ორი წევრი - ირაკლი აბუსერიძე და დავით მათიკაშვილი დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „კურიერის“ კამერამ გადაიღო, როგორ შეჰყავდათ მათიკაშვილი მანდატურებს დარბაზში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კონფლიქტის დამალვას შეეცადნენ. 

მმართველი გუნდის ნაწილი იმასაც უარყოფს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაძაბული იქნება. "ქართული ოცნების" ნაწილი კი ამბობს, რომ თუ მათ შეზღუდვებს დაუწესებენ და შეთანხმება ვერ შედგება, მართვის სადავეებს საკუთარ ხელში აიღებენ და „ქართული ოცნების“ სახეები გახდებიან.

უმაგრებს თუ არა დავით ჭიჭინაძესა და მის გუნდს ზურგს ბიძინა ივანიშვილი, ეს ხვალ გაირკვევა. მანამდე კი ირაკლი კობახიძის გუნდთან დაპირისპირებულები ითხოვენ, რომ უმრავლესობის სხდომას ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაესწროს.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი მიიჩნევს, რომ გუნდში დაპირისპირება ნორმალურია და სხდომის შემდეგ ეს პროცესი დასრულდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები