„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს,“ - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გააკეთა.
ვიდეომასალაში ჩანს, რომ მოზარდები მათ თანატოლ ბიჭზე სიტყვიერ და ფიზიკურ ზეწოლას ახდენდნენ.
დავით სერგეენკოს განცხადებით, გუშინვე დადგინდა ამ მოზარდის ვინაობა. სამინისტრო ბავშვის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.
„გუშინვე მოხდა ამ ბავშვის იდენთიფიკაცია, უკვე ჩართულები არიან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო და მიდის ინტენსიური მუშაობა ამ მხრივ. მე ვიტყოდი, შოკის მომგვრელი ფაქტია, რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს. ჩვენი სამსახური ინტენსიურად მუშაობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თუმცა, ყველა ასეთი შემთხვევის პრევენცია თეორიულად შეუძლებელია, რადგან ჩვენ არ გვაქვს თვალთვალის ინსტრუმენტები, რომ ვუთვალთვალოთ ყველა ბავშვს, თუ როგორ იქცევა,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.