20 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
„ამ ოჯახებს აკლებენ დახმარებას, სოციალურ თანადგომას“ - მურთაზ ზოდელავა დარასელიების ოჯახში იმყოფებოდა

ნაციონალური მოძრაობის სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მურთაზ ზოდელავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულში დარასელიების ოჯახში იმყოფებოდა.

ოჯახს, სადაც დედა ორ მცირეწლოვანს მარტო ზრდის, საცხოვრებელი პირობები არა აქვს. სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და შეკეთებას საჭიროებს. ოჯახს სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. მათი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა დარასელიებს დახმარებაზე უარს ეუბნება.

მურთაზ ზოდელავა გამგებელსა და რეგიონის გუბერნატორს მოუწოდებს, სასწრაფოდ დაინტერესდნენ დარასელიების ოჯახის მდგომარეობით და ოჯახს დახმარება გაუწიონ.

„ამ ადამიანებს და ამ ოჯახებს აკლებენ დახმარებას, სოციალურ თანადგომას. სამაგიეროდ, ასეულობით ათასი ლარით აფინანსებენ ბიძინა ივანიშვილის ხეების თრევას. ეს პროცესი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება და ის წარმოუდგენელი უსამართლობაა,“ -  განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

დღის ამბები