20 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
ამ სფეროში უნდა დავამყაროთ მკაცრი წესრიგი - მიხეილ სააკაშვილი საბანკო სექტორს აკრიტიკებს

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილი საბანკო სექტორს აკრიტიკებს და მოითხოვს, რომ ბანკებს არაპროფილურ ბიზნესში მონაწილება აეკრძალოთ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ითხოვს, დაწესდეს ზედა ზღვარი საპროცენტო განაკვეთებზე.

მაისიდან ნაციონალური მოძრაობა ვალების აღრიცხვას დაიწყებს და ხელისუფლებაში ენმ-ის მოსვლის შემთხვევაში, ვალების დაფარვაზე 2-წლიანი მორატორიუმი გამოცხადდება.

„ახლა მე ვნახე ციფრები და საქართველოს ბანკის დირექტორს, გილაურს და თიბისი ბანკის დირექტორს, ბუცხრიკიძეს, ერთად აქვთ აღებული შარშან 9 მილიონ დოლარზე მეტი ხელფასი. ჩვენ ყველას გვაქვს მიღებული რაღაც განათლება, თქვენს უმეტესობას ბევრად მეტი დამსახურებაა აქვს საქართველოს წინაშე, ვიდრე ამ ორ სუბიექტს. ვის ხარჯზე გამოიწერეს ამხელა მოგება, ეს არის დიდი უსამართლობა. ამიტომ ჩვენ ამ სფეროში უნდა დავამყაროთ მკაცრი წესრიგი.

"პირველ რიგში, უნდა აიკრძალოს არაპროფილურ ბიზნესებში ბანკების შესვლა. ახლა სადმე რაღაც მოგება რომ გაფაჩუნდება, თვითონ აქვთ მთელი ინფორმაცია კლიენტებზე, შედიან ამ კლიენტებთან, ახრჩობენ მათ, ხურავენ მათ წარმოებას, უსპობენ პერსპექტივას, რათა თავისთვის მიიღონ ზემოგება და კიდევ უფრო მეტი ფული ჩაიდონ ამ მევახშეებმა ჯიბეში.

"გადავადებულ სესხებზე პროცენტები მკვეთრად უნდა შეიზღუდოს, უნდა დავაწესოთ ზედა ზღვარები საბანკო განაკვეთებზე და მაისის დასაწყისიდან ნაციონალური მოძრაობა დაიწყებს აღრიცხვას უსამართლო ვალების და ხელისუფლების შეცვლისთანავე, ჩვენ შევქმნით საკრიზისო ფონდს, რომელიც ორწლიანი მორატორიუმის პოლიტიკას გაატარებს ამ უსამართლო ვალების მიმართ.

"საქართველოში უნდა მოხდეს საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ ხელისუფლების შეცვლა. საქართველოს, ქართველ ოჯახებს არ რჩება დრო, ქვეყანა ზარალდება, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ თითოეულ ქართველს, მინიმუმ, 400 ლარი პენსია ჰქონდეს, თითოეულ მასწავლებელს, მინიმუმ, 1000 ლარი ხელფასი ჰქონდეს, თითოეულ პოლიციელს და სხვა ოფიცერს, მინიმუმ - 2000 ლარი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

დღის ამბები