ექსკლუზივი - სანდო წყარო სამართალდამცავი უწყებებიდან კურიერს უყვება, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩვენებები დევს.
ტერორიზმში ბრალდებული ერთ-ერთ პირი, რომელიც გლდანის ციხეში იმყოფება, მაჩალიკაშვილს ტერორისტებთან კავშირში ადანაშაულებს. გამოძიებასთან ბადურ ჩოფანაშვილმა ითანამშრომლა.
კურიერის ცნობით, საქმის მასალებში დევს იმ საბანკო ანგარიშის მონაცემებიც, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილს ეკუთვნის.
ბადურ ჩოფანაშვილის მტკიცებით, ჩატაევის თანამზრახველებს ამ ანგარიშზე მაჩალიკაშვილისთვის 10 ათასი დოლარი უნდა ჩაერიცხათ, შემდეგ კი ეს ფული ინტერპოლით ძებნილ პირებს უნდა მოხმარებოდა.
არსებობს თუ არა მტკიცებულებები მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს, თუმცა, ვახტანგ გომელაური მაჩალიკაშვილის მოწმის სტატუსით გამოკითხვას გამოძიების ეტაპზე არ გამორიცხავს.
თავად მალხაზ მაჩალიკაშვილს კი ეჭვი აქვს, რომ მის გასაჩუმებლად მის წინააღმდეგ საქმეს კერავენ.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ამტკიცებს, რომ მათ სახლში სპეცოპერაციას სუს-ის უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილი, ხელმძღვანელობდა და მის ოჯახს ემუქრებოდა.
მისი თქმით, სოსო გოგაშვილი სუს-იდან პანკისის ხეობაში საგანგებო მისიით გაუშვეს, მან კი პასუხიმგებლობა აიღო, რომ რეგიონში სპეცოპერაციას პროტესტი არ მოჰყვებოდა.
სოსო გოგაშვილი ხეობაში მის ვიზიტს არ ადასტურებს, მისი გვარის კავშირს კი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად აფასებს.
მოკლულის ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვა ძალოვან უწყებებთან ერთად, მათ გაჩუმებას ყველა ფორმით შეეცდება.
ავტორი: ია გულიაშვილი