"მამაჩემს სცემდნენ, ჩვენება იძულებით დამაწერინეს. ის, რაც ვთქვი, ტყუილია," - ამონარიდები 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას, ჩვენებიდან.
11 აპრილის ჩანაწერიდან ირკვევა, რომ პროკურატურის მთავარმა იმედმა სხდომაზე წინასწარ გამოძიებაში მიცემული სამი ჩვენების შინაარსი უარყო. თქვა, რომ განსასჯელის სკამზე მსხდომი არასრულწლოვნების ხელში დანა არ დაუნახავს და წინა ჩვენებებში ამის მითითება გამომძიებლებმა აიძულეს.
სასამართლოში დაკითხვის პირველ დღეს კალანდიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ზეწოლა არა მხოლოდ მასზე ხორციელდებოდა, არამედ მამამისზეც, რომელიც ამავე საქმეზე, თუმცა, დანაშაულის დაფარვისთვისაა დაკავებული.
11 აპრილს მთავარი მოწმის დაკითხვა სკანდალური განცხადებით დასრულდა - მიხეილ კალანდია სახლში წავიდა, სასამართლო სხდომა კი ორ დღეში დაინიშნა.
პროცესებს შორის მოწმეზე ზეწოლა განხორციელდა. პირველი რადიოს ინფორმაციით, სასამართლო დაკითხვის შემდეგ მიხეილ კალანდიას მისივე ბიძა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი, ორ პროკურორთან ერთად, სახლში ესტუმრა, სკანდალური ჩვენების გამო ეჩხუბა და მომდევნო დაკითხვამდე თავისთან წაიყვანა. სასამართლოში ორ დღეში მისულმა მთავარმა მოწმემ მოსამართლეს განცხადების გაკეთების ნებართვა სთხოვა.
კურიერის მოპოვებული სასამართლო სხდომის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მთავარმა მოწმემ 13 აპრილის დაკითხვისას ჩვენება უკვე მეხუთედ და რადიკალურად შეცვალა. თქვა, რომ წინა სხდომაზე გარემოებები განსასჯელის სკამზე მსხდომი მეგობრების დასაცავად შეცვალა.
13 აპრილის ჩანაწერიდან ჩანს, რომ მთავარ მოწმეს საუბრისას თავდაჯერებულობა დაკარგული ჰქონდა და ცრუ ჩვენების გამო, პატიებას ემოციურად ითხოვდა.
მოწმე კალანდიას ასეთი განცხადება, სავარაუდოდ, მოსამართლისთვისაც მოულოდნელი იყო, რის გამოც, ნათქვამი რამდენჯერმე დაადასტურებინა.
მოკლული დავით სარალიძის მამა პროკურატურას მათი ოქროს მოწმის შეცვლილ ჩვენებაზე რეაგირებას სთხოვს. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მიხეილ კალანდია მოსამართლის მოტყუების გამო მაინც უნდა დაისაჯოს.
მთავარ მოწმეზე განხორციელებული ზეწოლის სჯერა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატს.
ინგა შარაშენიძე დარწმუნებულია, რომ პროკურატურის ოქროს მოწმემ სასამართლოს ტყუილი საკუთარი თავის და ახლო ნათესავების დასაცავად უთხრა.
ადვოკატების ინფორმაციით, არასრულწლოვნების მკვლელობის მთავარი მოწმის ჩვენება წინააღმდეგობაში სხვა მოზარდების ჩვენებებთანაც მოდის.
ადვოკატების და დაზარალებულის პრეტენზიებს არ იზიარებს ბრალდების მხარე. თუმცა, საქმის პროკურორი არ უარყოფს, რომ მთავარი მოწმის მიერ სასამართლოში გაჟღერებული რამდენიმე ფაქტი მათთვისაც სიახლე იყო.
ზვიად ფხაკაძემ მიხეილ კალანდიას ჩვენების დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ მათ გამოძიება რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს.