17 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
ფარული თვალთვალი და დისტანციური მოწყობილობა 34 წლის მამაკაცის ავტომობილზე - სამ დეტექტივ ქალს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება 

სამ კერძო დეტექტივს, რომლებიც 34 წლის მამაკაცს მისივე მეუღლის დაკვეთით უთვალთვალებდა, 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დისტანციური მოწყობილობით, რომელიც ქმრის მანქანაზე გოგონებმა ფარულად დაამონტაჟეს, დეტექტივების ჯგუფი დეტალურ ინფორმაციას იღებდა, თუ სად გადაადგილდებოდა თვალთვალის ობიექტი. დღის ბოლოს ამ ინფორმაციას ისინი დამკვეთს - 31 წლის ქალბატონს, აწვდიდნენ.

მანქანაზე დამონტაჟებული ჯიპიეს მოწყობილობა თვალთვალის ობიექტმა მალევე შეამჩნია.

გოგონებმა სატელევიზიო ახალ ამბებში ნახეს, რომ მანქანაში, რომელშიც მათ ჯიპიეს მოწყობილობა დაამონტაჟეს, სამართალდამცველები ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდნენ, ამიტომ პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდნენ, უთხრეს, რომ კერძო დეტექტივები იყვნენ და ფარული თვალთვალის შესახებ უამბეს.

პოლიციაში საკუთარი ფეხით მისული 3 დეტექტივი ქალი  სხვისი პირადი ცხოვრების ფარული თვალთვალის მუხლით დააკავეს.

სამივე ბრალდებული სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.

ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ნინო ბერელაშვილია. ის თავს დამნაშავედ არ სცნობს. კომპანია ეფპიაი-ს ხელმძღვანელს აინტერესებს, რატომ გამოიკვეთა დანაშაულებრივი ნიშნები 2015 წელს საჯარო რეესტრის თანხმობით დაარსებული კომპანიის საქმიანობაში და თუ დეტექტივები კანონს არღვევდნენ, რატომ დუმდნენ ორი წლის განმავლობაში სამართალდამცველები.

სამივე ბრალდებულს პროკურატურა, მესამე პირზე თვალთვალთან და ინფორმაციის მოპოვებასთან ერთად, ფარულად გადაღებული აუდიო და ვიდეომასალის გავრცელებასაც ედავება.

სახელმწიფო ბრალდებას საქმის მასალებს შორის აქვს დეტექტივი ქალების დამქირავებლის ჩვენებაც. ახალგაზრდა ქალბატონი ამბობს, რომ ქორწინებაში მყოფი მეუღლე ატყუებდა და ძალადობის მსხვერპლიც ხშირად იყო.

დღის ამბები