17 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
მარტო დარჩენილები - თითქმის სრულად დაცარიელებული მაღალმთიანი სოფლები

დაცარიელებული მაღალმთიანი სოფლები და ხევსურეთში, სოფელ ჭალისსოფელში  დარიკო მურღოევის ოჯახი ერთადერთია, სადაც დროდადრო შუქი ინთება და კვამლი ამოდის.

დარიკო მურღოევი ხევსურია, პირიქითა ხევსურეთის სოფელ არდოტში გაიზარდა. მრავალშვილიანი დედაა. ამბობს, რომ მთაში ცხოვრება, თანაც უმეზობლოდ რთულია. თუმცა, ცხოვრების ამ წესს უკვე შეეჩვია. მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურ შემწეობას იღებს, დამატებითი შემოსავალი კი ყველისა და დამბალხაჭოს გაყიდვით შემოსული თანხაა.

სკოლა ბარისახოშია, რომელიც ჭალისსოფლიდან 8 კილომეტრში მდებარეობს. ბავშვები დიდთოვლობის დროს ამ გზას ფეხით გადიან. სკოლის პანსიონში რჩებიან, მშობლებთან კი შაბათ-კვირას ადიან და საოჯახო საქმეშიც ეხმარებიან.

68 წლის იმედა ლიქოკელი ხევის კიდევ ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს. ის ქობულოს ერთადერთი მკვიდრია. მის სოფელში ყველა სახლის კარი დაკეტილია, წლების წინ აქ 11 ოჯახი ცხოვრობდა. მერე სოფელი დაიცალა. ამის მიზეზად მძიმე სოციალური მდგომარეობას ასახელებს.

ბოლო წლებში 150-ზე მეტი მაღალმთიანი სოფელი დაცარიელდა. ხევსურეთი საქართველოში მოსახლეობისგან ყველაზე დაცლილი მხარეა. ლიქოკის ხევს ბოლო მცხოვრები არ ტოვებს. სოფელში მარტო დარჩენილებს სჯერათ, რომ ადრე თუ გვიან ვინმე გამოჩნდება და მათ მეზობლად დაკეტილი სახლის კარს შეაღებს.  

დღის ამბები