21 დეკემბერი 2024,   19:10
ვრცლად
51-ე სკოლის 2 მოსწავლის მკვლელობის მიზეზებს ბრიტანელი კრიმინალისტები დაადგენენ

51-ე სკოლის 2 მოსწავლის მკვლელობის მიზეზებს ბრიტანელი კრიმინალისტები დაადგენენ. ბრიტანელი კრიმინალისტმა, ჯეისონ პეინ ჯემსმა, რომელიც მსოფლიო ვარსკლავის, ემი უაინჰაუსის სიკვდილის მიზეზებს ადგენდა, მუშაობა დღეს დილიდან თბილისის დამოუკიდებელ ლაბორატორიაში დაიწყო.

ბრიტანელ ექსპერტს ეჭვებს სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს დასკვნა უჩენს, რომელმაც დოკუმენტების მომზადებას რამდენიმე თვე მოანდომა, ჯეისონ პეინ ჯემსი ამბობს, რომ ვადა გაჭიანურებულია.

51-e სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი ბრიტანელი კრიმინალისტი სიუ კარნი ერთვება. ორივე სტუმარი, ჯერჯერობით, ერიდება ღიად დააფიქსიროს ის შეცდომები, რომელიც მათი აზრით, პროკურატურამ საქმის გამოძიების პროცესში დაუშვა.

რა ვითარებაში მოხდა მოზარდებისთვის ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობების მიყენება და რამდენი დანა ფიგურირებს პირველი დეკემბრის სისხლიან გარჩევაში, ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად ბრიტანელმა სპეციალისტებმა „ალმა მატერის“ ბალისტიკურ ლაბორატორიაში უნდა იმუშაონ.

დამოუკიდებელი ექსპერტები საქმეში ერთ-ეთი ბრალდებულის ოჯახის მოწვევით ჩაერთვნენ. დაკავებული მოზარდის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ უცხოელების შეშფოთება იმ ვადებმა გამოიწვია, რაც პროკურატურას ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის დასჭირდა.

მოკლული დავით სარალიძის მამის მთავარი მიზანია, გამოვლინდეს ყველა ის პირი, ვინც 2 მოზარდი სასიკვდილოდ გაიმეტა.

ბრიტანელები საქართველოს ხვალ დატოვებენ და მაშინ დაბრუნდებიან, როცა საქმის მასალებზე წვდომა სრულად ექნებათ. ჯერჯერობით, უცნობია, რა ვადები სჭირდებათ საქმის შესასწავლად და საბოლოო დასკვნის მოსამზადებლად.

ამავე თემაზე
დღის ამბები