21 დეკემბერი 2024,   18:58
ვრცლად
ნატოს სამიტის ფორმატი ჯერ შეთანხმებული არ არის - სტოლტენბერგის თქმით, საქართველოს პროგრესი შესაბამისად აისახება

რა შეთავაზებას მიიღებს საქართველო ივლისში დადგემილ ნატოს სამიტზე, ჯერ კიდევ გაურკვეველია. ქართული მხარე ალიანსის წევრი ქვეყნების მეთაურების შეხვედრაზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გამართვას ითხოვს.

სამიტის მოსამზადებელი მინისტერიალის დასრულების შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განცხადა, რომ ფორმატი ჯერ შეთანხმებული არ არის, თუმცა ალიანსი ეცდება, საქართველოს მიერ გაწეული პროგრესი აუცილებლად ასახოს.

დღევანდელ მინისტერიალს პირველად ესწრებოდა ამერიკის ახალი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო. მას პოზიცია ნატოს გაფართოების შესახებ დღეს არ გამოუხატავს. მან განაცხადა, რომ აშშ ნატოს ღია კარის პოლიტიკას მხარს უჭერს. პომპეომ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზეც ისაუბრა და ამ კუთხით საქართველო ახსენა.

"რუსეთი ემუქრება ნატოს მოკავშირეებს და პარტნიორ ქვეყნებს, მათ შორის სამხედრო ქმედებებით, თუ გავიხსენებთ 2008 წელს საქართველოში ინტერვენციას და 2014 წელს უკრაინაში შეჭრას. ასევე მიმართავს აგრესიულ კამპანიას და ძირს უთხრის დასავლეთის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. რუსეთის დაუშვებელი ქმედებების პირობებში ნატოს კავშირი დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ალიანსის წევრები თანხმდებიან, რომ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ქიმიური ნივთიერების გამოყენება იყო მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ გადადგმული უგუნური ნაბიჯი. შეერთებული შტატები არ დაუბრუნდება რუსეთთან ჩვეულებრივ ურთიერთობას, ვიდრე მოსკოვი საკუთარ ქმედებებს არ შეცვლის,“- აღნიშნა პომპეომ.  

საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხზე რომ ალიანსის წევრებს შორის კონსენსუსი არ არის, მინისტერიალის მონაწილეებმა დღესაც განაცხადეს. უნგრეთისა და პოლონეთის პირველი დიპლომატები საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მაპის გადაცემას ითხოვენ, თუმცა ალიანსში ამ თემაზე პოზიციები კვლავ ორად არის გაყოფილი.

მონტენეგრო, რომელის ნატოს წევრი სულ ცოტა ხნის წინ გახდა, საქართველოს დემოკრატიული რეფორმების კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელებას ურჩევს.

ნატოს სამიტამდე სამ თვეზე ნაკელები რჩება. ალიანსის წევრი ქვეყნების მომდევნო შეხვედრა ახალ შტაბბინაში 11-12 ივლისს გაიმართება.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები