21 დეკემბერი 2024,   19:05
ვრცლად
ტრამპის ადმინისტრაციის სახელით "იდეების განვითარების ფონდი" 10 ლარის სანაცვლოდ, ხალხს 20 ათას დოლარიან დაფინანსებას ჰპირდებოდა

თაღლითობა თუ ბიზნესის განვითრების გეგმა, რომელითაც მთელ საქართველოში ათასობით ფერმერი დაზარალდა - „იდეების განვითარების ფონდი“ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სახელით 10 ლარის სანაცვლოდ, მსურველებს 20 ათას დოლარიან დაფინანსებას ჰპირდებოდა.

მხოლოდ იმერეთის რეგიონში განაცხადი 1200-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო და 10 ლარიანი მოსაკრებელიც გადაიხადა. ფონდის უკვე ყოფილი კოორდინატორი, დავით ჯაბაიძე ამბობს, რომ მისი მეშვეობით, ფონდის ხელმძღვანელი, დავით კარტოზია მოქალაქეებს ატყუებდა და ამერიკიდან თანხის მოზიდვას ჰპირდებოდა. ჯაბაიძის თქმით, კარტოზია მათ Facebook-ის მეშვეობით უკავშირდებოდა. ჯაბაიძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მან საქმიანობა შეწყვიტა, კარტოზიამ სხვა კოორდინატორი დაიქირავა.

”იდეების განვითარების ფონდის” სათაო ოფისი რუსთავშია. რაიონებში საპროექტო განაცხადით შეგროვებული თანხა რუსთავის ოფისის ანგარიშზე ირიცხება. როგორც ფონდის უკვე ყოფილი დირექტორი, დიანა სახურია ამბობს, მთლიანი თანხის 30%-ს დავით კარტოზიას ამერიკის შეერთებულ შტატებში პირად ანგარიშზე ურიცხავდნენ. დანარჩენი თანხა კი რეგიონებში შეხვედრებს და ოფისების მუშაობას ხმარდებოდა.

დიანა სახურია ამბობს, რომ დავით კარტოზიას პირად ანგარიშზე საკუთარი 8 ათასი დოლარი გადაურიცხა. ამ თანხით კარტოზია მას ამერიკაში არსამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებლობას ჰპირდებოდა.

დავით კარტოზიამ „კურიერის“ შეტყობინებებს არ უპასუხა. მან ყოფილი თანამშრომლებისა და მოქალაქეების პრეტენზიებს რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე ვიდეომიმართვაში უპასუხა. კარტოზია ბრალდებებს უარყოფს და პირობას დებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ამ ხალხის წინააღმდეგ საჩივარს გამოაგზავნის.

„იდეების განვითარების ფონდის“ საქმიანობას არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკრიმინალური ცენტრი“ სწავლობს. მათი თქმით, საქმეში 20 ათასზე მეტი დაზარალებული და სავარაუდოდ მოპარული 200 ათას ლარზე მეტი იკვეთება.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები