27 დეკემბერი 2024,   03:55
ვრცლად
"ჩვენ გვყავს შავ პერანგიანი, კარგად მომზადებული რაზმები... სიკვდილი მტერს"-ნეოფაშისტური ჯგუფები "თეთრი ხმაურის" წინააღმდეგ

ნეონაცისტური ჯგუფის წევრები, რომლებიც „თეთრი ხმაურის მოძრაობას“ უპირისპირდებიან „შავ პერანგიანი რაზმების“ ჩამოყალიბებას გეგმავენ. როგორც მოძრაობის ლიდერმა გიორგი ჭელიძემ განაცხადა, ეს არის საკმაოდ მომზადებული რაზმები, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერ დაპირისპირებაში ჩართვა და სწორედ მათი მეშვეობით დაუპირისპირდებიან ისინი "თეთრი ხმაურის მოძრაობას."

„ჩვენ გვყავს ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული შავ პერანგიანები. ეს არის მომზადებული რაზმები. ეს არის მომზადებული რაზმები, რომელსაც კანონის შესაბამისად შეუძლიათ ასეთ დაპირისპირებაში ჩართვა. ჩვენ ახლა ვინც არიან აქ მამაკაცები, ნამდვილი ქართველები, ვაჟკაცები  წინაპრების ღირსეული გამაგრძელებლები ჩვენ ვიწყებთ ჩამოყალიბებას რაზმების და ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ნარკომოვაჭრეები და ლგბტ პროპაგანდისტები დღის წესრიგს საქართველოში ვერ წაიყვანენ. დღის წესრიგი გვეკუთვნის ჩვენ. სიკვდილი მტერს,“-განაცხადა „საქართველოს სამოქალაქო ერთობის“ ლიდერმა გიორგი ჭელიძემ. 

აქციის წევრების თქმით გარდა იმისა, რომ თეთრი ხმაური მხარს უჭერს ნარკორეალიზატორებს და ლგბტ საზოგადოებას, მათ შეურაცხყვეს 9 აპრილის მემორიალი. 

„ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიანი ფორმით პატივი მივაგოთ 9 აპრილის მემორიალს, რომელსაც გუშინ შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებმა.  გახსოვთ კადრები, როცა გოგო ცეკვავს მემორიალზე და მთელი აქცია ამას ტაშს უკრავდა. ჩვენ გვინდა პასუხი გავცეთ ჩვენ ამ საქციელით. სანთლები გვინდა დავანთოთ,“-განაცხადა გიორგი გაბედავამ.

ნეონაცისტური ჯგუფის, იგივე  „საქართველოს სამოქალაქო ერთობის“  და „ეროვნულ სოციალისტური მოძრაობის“ წევრებმა დღეს მსვლელობა დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს. ბოლო ლოკაცია რუსთაველის გამზირი უნდა ყოფილიყო, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა მათ კონტრაქციის ჩატარების უფლება „თეთრი ხმაურის“ აქტივისტების სიახლოვეს არ მისცეს.

„ეროვნულ სოციალისტური მოძრაობის“ წევრებს პირბადეები უკეთიათ და სკანდირებენ: „მოკვდი მტერი, იხარე ერო!“.

საბოლოოდ მათმა ერთმა ნაწილმა რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვა მაინც შეძლო. ნაწილი კი ლონდონის პარკში იმყოფება. 

 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები