22 დეკემბერი 2024,   10:09
ვრცლად
გვაქვს შინაგანი რწმუნებულება, რომ მოვიქეცით სწორედ და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვით - გახარია კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე

"თითოეულ პოლიციელს, რომელიც იღებდა მონაწილეობას ამ ღონისძიებაში მინდა, მადლობა გადავუხადო, რადგან ჯერჯერობით ვერავინ ვერცერთი მაგალითი უფლებამოსილების გადამეტების ვერ წარმოადგინა,“- ეს განცხადება  გიორგი გახარიამ პარლამენტში გააკეთა.

შს მინისტრი დეპუტატების წინაშე საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოდის. მან ღამის კლუბებში 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრა.

„იმ შემთხვევაში თუ მსგავსი მაგალითები იქნება წარმოდგენილი, ჩვენ შესაბამისი რეაგირება გვექნება ამაზე,“- აღნიშნა გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ღამის კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში"  ჩატარებულ ღონისძიებებს წინ უძღოდა სამთვიანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგად დადასტურდა, რომ კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა მიმდინარეობდა სისტემური სახით.

„კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ კლუბებში სხვადასხვა დროს რამდენჯერმე ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას. საკონტროლო შესყიდვა სასამართლოს განჩინებით ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული 20-ზე მეტი ფაქტი, როგორც კლუბის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც არ ნიშნავს გვერდზე უბანში, კლუბის წინ, შიგნით. მაგალითად, ჩვენ გვაქვს გადაღებული შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი კლუბის წინ, შესასვლელთან ხვდება ორი ახალგაზრდა, ერთი გამოდის კლუბიდან, საუბრობენ ყიდვა-გაყიდვის აქტზე, რომლის დროსაც ხდება შეთანხმება ფასზე, შემდეგ მყიდველი გადასცემს თანხას, გამყიდველი იღებს თანხას, შედის დაცვის ავლით კლუბში, გადმოსცემს ნარკოტიკულ საშუალებას და აბრუნებს ხურდას. მეორე შემთხვევაში ერთ-ერთ კლუბში დაცვის უფროსი ახორციელებდა ნარკოტიკის გაყიდვას.

"ჩნდება კითხვა იმ შემთხვევაში, როდესაც მსგავსი მტკიცებულებები გაგვაჩნია, უნდა შევსულიყავით კლუბში თუ არა. მე ვფიქრობ, რომ აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს, თუ ფორმაზე არის კითხვები, ჩვენ მზად ვართ, ამაზეც გავცეთ კონკრეტული პასუხები. გვაქვს შინაგანი რწმუნებულება იმაში, რომ სწორედ მოვიქეცით და მოვიქეცით ჩვენი მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვით.... ვერც ერთ ადამიანს ვერ მაჩვენებთ, ვისი თავიდანაც თმის ღერი მაინც ჩამოვარდა კლუბის შიგნით. ვერ მანახებთ ვერც ერთ დაზარალებულს, რომელმაც ამ ღონისძიების შემდეგ მიმართა, მაგალითად, ჯანდაცვის ორგანოს,“- აღნიშნა გახარიამ.

დღის ამბები