19 აპრილი 2024,   14:48
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე და სკანდალური კადრები - ზაზა სარალიძე პროკურატურისგან მირზა სუბელიანის დაკავებას ითხოვს

„შაბათის კურიერში“ გასული სკანდალური რეპორტაჟის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა პროკურატურას მიმართავს და ამავე უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.

საქმე ეხება სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს, თუ რა ხდება მკვლელობის შემდეგ, სისხლიან გარჩევაში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის სახლთან.

„კურიერის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ მასალაში ჩანს, თუ როგორ ყრიან სისხლიან ტანსაცმელს საკანალიზაციო ჭაში და ჩანს ისიც, რომ იმავე ბინაში იმყოფებოდა მაშინ ჯერ კიდევ პროკურატურის თანამშრომელი მირზა სუბელიანი, ასევე ოჯახის მეგობარი პოლიციელი.

მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის თქმით, „შაბათის კურიერში“ გასული კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ სუბელიანი დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდა.

„მირზა სუბელიანი აბსოლუტურად ჩართული იყო ამ საქმეში რასაც ადასტურებს მისი მისვლა-მოსვლა. ადასტურებს ეს ფაქტი, რომ მან იცოდა მკვლელები სად იყვნენ და დამალა დანაშაული.

ეს ვიდეო კადრები აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის იმ ჩვენებთან რომელიც მისცეს სასამართლო პროცესზე.

მთავარი წინააღმდეგობა ის არის, რომ არავინ ადასტურებდა მირზა სუბელიანის იქ ყოფნას, ადასტურებდნენ, რომ როცა მირზა სუბელიანი მოვიდა უკვე ბავშვები გასული იყვნენ, მაგრამ კადრებში სხვა ეპიზოდია აღწერილი. წესით იმ დღესვე უნდა დაეკავებინა პროკურატურას და განეხორციელებინა სამართლებრივი დევნა, მაგრამ ჯერ ჯერობით ხედავთ, რომ არაფერ რეაგირებას არ ახდენენ“-აცხადებს ზაზა სარალიძე.

დღის ამბები