21 დეკემბერი 2024,   20:08
ვრცლად
სარალიძემ ბესელიას უნდობლობა გამოუცხადა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ კი პირველი სამუშაო დღე უშედეგოდ დაასრულა

პირველი სამუშაო დღე პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უშედეგოდ დაასრულა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებს დეპუტატები ძალოვანი უწყებისგან ამ დრომდე ელოდებიან.  

საგამოძიებო კომისიის შემადგენლობიდან ეკა ბესელიას ჩამოშორების მოთხოვნა ზაზა სარალიძემ კომისიის თავმჯდომარეს პირადად გადასცა. ამ გაცხადებიდან, დაახლოებით, ერთ საათში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მოკლული არასრულწლოვნის მამას სოციალურ ქსელში უპასუხა.

კომისიის შემადგენლობიდან ეკა ბესელიას გაწვევას საპარლამენტო უმრავლესობა არ აპირებს. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ბესელია გამოცდილი იურისტია და კომისიაში უნდა დარჩეს.

კომისიის 17-კაციან შემადგენლობაში ეკა ბესელია ერთადერთია, ვისთანაც მოკლული არასრულწლოვანის მამა არ ითანამშრომლებს. კომისიის სხვა წევრებს ზაზა სარალიძე მკვლელობის საქმის კონკრეტულ დეტალებს და დამნაშავეების კონკრეტულ გვარებს, დღეს დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში უყვებოდა.

მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული დამნაშავეების დასაკავებლად მხოლოდ ერთი დღე რჩება, 10 ივნისიდან კი პერმანენტული აქციები დაიწყება.

საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა პოლიტიკური დემარშით დაიწყო. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ, კომისიის ფორმატი დაიწუნა და შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

საგამოძიებო კომისიის მომდევნო შეხვედრის თარიღი ჯერ უცნობია.

დღის ამბები