21 დეკემბერი 2024,   20:22
ვრცლად
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ოკუპაციიდან 10 წლის შემდეგ - ევროპარლამენტი მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ოკუპაციიდან 10 წლის შემდეგ, - დებატები ამ სათაურით ევროპარლამენტის დღის წესრიგში უკვე შევიდა.

ევროპარლამენტარებმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში შექმნილ მდგომარეობაზე უნდა იმსჯელონ, შემდეგ კი საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღონ.

დოკუმენტში მოხვდება არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეც. ევროპელი პოლიტიკოსები აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეთნიკური წმენდის ფაქტებს კიდევ ერთხელ დაგმობენ.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენჯერმე წერია ოკუპაცია. ამავე დოკუმენტში ევროპელი პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავენ, რომ ოკუპანტ რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ, იმისთვის, რომ კრემლმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ტერიტორიების დეოკუპაცია დაიწყოს.

ევროკავშირისგან უპირობო პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს უწოდებს საპარლამენტო ოპოზიცია.

პოლიტოლოგები კი ხელისუფლებას მოუწოდებენ, სესიამდე ყველა დღე გამოიყენოს, რომ რეზოლუციამ უფრო მწვავე ფორმულირება მიიღოს და დოკუმენტში ყველა საკითხი აისახოს.

ექსპერტები ამბობენ, რომ დოკუმენტში რუსეთის აგრესორად მოხსენიება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაფართოების საკითხის დაფიქსირება, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებშია.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტი 14 ივნისს მიიღებს. 

დღის ამბები