21 დეკემბერი 2024,   19:04
ვრცლად
ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან ამ დრომდე გრძელდება

აქცია პარლამენტის წინ - ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია დღეს 16:00 საათზე დაიწყო. აქციაზე სოლიდარობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ გამოუცხადა.

აქცია ამ დრომდე გრძელდება. ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე კარვები დადგეს და ასე აპირებენ პროტესტის გამოხატვას.

დღის განმავლობაში აქციაზე სოლიდარობის მიზნით იმყოფებოდნენ შვილმკვდარი მშობლები, რომლებმაც შეკრებილებს თავიანთი ისტორიები გააცნეს.

მათ ხელისუფლებას აქციის ფარგლებში გახმოვანებული მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეების თქმით, მნიშვნელოვანია ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნები შესრულდეს და დაისაჯონ მათი შვილის მკვლელები.

აქციაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ სამი მოთხოვნა გაახმოვანა. ზაზა სარალიძის თქმით, უნდა გადადგეს გიორგი გახარია, თეა წულუკიანი და ასევე, პროკურატურაში არსებული სისტემა უნდა შეიცვალოს.

ზაზა სარალიძეს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას ხსნის და აცხადებს, რომ თავდაპირველად ხორავას ქუჩის გამოძიება სწორედ შსს-ს ებარა და სწორედ ამ დროს დაიწყო გაყალბებების სერია.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ  იუსტიციის მინისტრმა ირაკლი შოთაძე, რომელმაც მისი შვილის საქმე ფაქტიურად „შეკერა,“ ტაშით გააცილა უწყებიდან.

პანკისში ჩატარებული სპეციოპრაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ დანაშაული აღიაროს და თემირლან მაჩალიკაშვილი უდანაშაულოდ გამოაცხადონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციების გაგრძელებას აანონსებს.

აქციაზე ასევე, იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც დაღუპული მოზარდების ოჯახის წევრებს სოლიდარობას უცხადებდნენ.

დღის ამბები