08 დეკემბერი 2024,   10:18
ვრცლად
სანამ ივანიშვილი როგორც თოჯინებს ისე მართავს მთავრობას, მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ გვარს, ვინ სად იჯდება - ნინო ბურჯანაძე

„ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შეეშინდა, ძალაუფლება არ დაეკარგა, თუმცა ახლა შეიძლება კიდევ უფრო სწრაფად დაკარგოს ძალაუფლება,“- ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

„მე ამ გადაწყვეტილებას ვუკავშირებ იმ პროტესტს, რომელიც იყო საზოგადოებასა და ქვეყანაში. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება იმ ადამიანებისა, რომელსაც უნდა, ქვეყანაში სამართლიანობა აღდგეს. ეს იყოს შედეგი იმ ერთსულოვნებისა, რაც საზოგადოებაში იყო და შედეგი ხელისუფლების უხერხემლობისა და იმის შედეგი, რომ ერთი ადამიანის გუნება-განწყობაზე არის დამოკიდებული, რას იტყვიან უმრავლესობის წევრები,“- აღნიშნა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც დეპუტატები, მთავრობის წევრები და ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ. მისი ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ივანიშვილსა და კვირიკაშვილს შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა, რადგან პრემიერი გუშინ გადადგომაზე უარს აცხადებდა.

„გუშინდელი განცხადებების შემდეგ აბსოლუტურად სამარცხვინო მდგომაროებაში აღმოჩნდა „ქართული ოცნება“. მაინტერესებს, რა სინდისით გამოდიან. როგორც არ რცხვენიათ ტელეკამერების წინ როდესაც ლაპარაკობენ და ახლა გველაპარაკებიან პრემიერის გადადგომის შემდეგ, როცა გუშინ გვიმტკიცებდნენ, რომ თურმე Unicef-ის კვლევას განიხილავდნენ მხოლოდ,“- განაცხადა ბურჯანაძემ.

მან პრემიერის შესაძლო შემცვლელების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. ბურჯანაძის თქმით, ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს და ხელისუფლება შეიცვალოს. 

„ბიძინა ივანიშვილი თავის მებაღეს დანიშნავს პრემიერად, მეზობელს, თანაშემწეს თუ უახლოეს ნათესავს, მნიშვნელობა აღარ აქვს. სანამ ბიძინა ივანიშვილი როგორც თოჯინებს ისე მართავს მთავრობას და ხელისუფლებას, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ გვარს, ვინ სად იჯდება... ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულის წამზომი ჩართულია, ძალიან გამართულად და სწრაფად მუშაობს.“- აღნიშნა ბურჯანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები