რუსთავის სასამართლოში მარნეულის მერის მხრიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლის, ელჩინ ალახვერდოვის ცემაში მონაწილე პირების საქმეს განიხილავენ. ბრალდების მხარე სამივე ბრალდებულს შედარებით მსუბუქი მუხლით ედავება, მათ შორის არის პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აზერ სულეიმანოვიც.
პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.
პროცესის დაწყებამდე კომენტარი პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აზერ სულეიმანოვმა გააკეთა. სულეიმანოვი აცხადებს, რომ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.
„მე მარტო ერთი რა ვიცი, მე ვარ უდანაშაულო, ვიბრძოლებ ბოლომდე. ეს არის ცირკი. როგორ ერთი, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ახლა ვარ, როგორც დამნაშავე ადამიანი კი არა, ვარ ადვოკატი ივანიშვილის, აბაზოვის და დანარჩენი „ოცნების“ წევრების ადვოკატი ვარ. მე ვერ გავიგე რა მასკარადია, ეს არის პოლიტიკური დევნა თავის ოპონენტების,“ - განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.
მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს, რომელიც არაადამიანური მოპყრობაშია ბრალდებული, მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თემურ აბაზოვი უკვე საკანში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, ელჩინ ალახვერდოვი მარნეულის მერის მხრიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის შემდეგ გახდა. მას შემდეგ, რაც ალახვერდოვმა ბიძინა ივანიშვილს და მერს შეაგინა, მარნეულის მერი ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ შარდით სახის დაბანა აიძულა. კადრები "სტუდია მონიტორმა" გაავრცელა.