21 დეკემბერი 2024,   19:09
ვრცლად
„ქართული ოცნების“ მხრიდან წახალისებული არის ძალადობა - ბესო ქათამაძის ცემის ფაქტს ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის წევრები ეხმაურებიან

ბესო ქათამაძის ცემის ფაქტს ეხმაურებიან „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საკუთარ მხარდამჭერებს მსგავსი თავდასხმებისათვის ახალისებს და დამნაშავეებს პასუხს არ სთხოვს.

დეპუტატს მაგალითად ორი თვის წინანდელი ფაქტი მოყავს, სადაც ქობულეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი და მისი ძმა თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს. გამოძიებას დამნაშავეები დღემდე არ დაუსჯია.

„როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მხრიდან წახალისებული არის ძალადობა, წახალისებული არიან მსგავსი კრიმინალები, რამაც გამოიღო შედეგი და გუშინ ოზურგეთის საკრებულოს წევრს, ბესო ქათამაძეს თავს დაესხნენ, ასევე, ოზურგეთის საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიყვანილი იქნას ეს გამოძიებები ბოლომდე, დაისაჯონ „ქართული ოცნების“ საკრებულოს მოძალადე წევრები,“ - განაცხადა გია აბულაძემ.

გუშინ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ბესო ქათამაძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა სცემეს.

დღის ამბები