09 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
თბილისის ძველი უბანი ინგრევა - ავლაბარში ერთ კვირაში სამი სახლი ჩამოიშალა

ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველი თბილისის ძველი უბანი ინგრევა. ბოლო რამდენიმე დღეში ავლაბარში სამი სახლი ჩამოინგრა.

საცხოვრებელი სახლი ფერისცვალების ქუჩაზე დილის 10 საათზე ჩამოინგრა. არავინ დაშავებულა, თუმცა გვერდით ავარიული შენობები კიდევ უფრო დაზიანდა.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გამგეობას აფრთხილებდნენ, თუმცა, მათ განცხადებებს რეაგირება არ მოჰყოლია. ნგრევის გამო დაზიანდა საკომუნიკაციო გაყვანილობები, ამიტომ, ავლაბრის რამდენიმე ქუჩის ავარიული სახლების მეპატრონეები წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეც დარჩნენ.

გვიან ღამით კიდევ ერთი სახლი ჩამოინგრა ავლაბარში, არარატის ქუჩაზე. დახმარების თხოვნით გამგეობას ამ ქუჩიდანაც მიმართეს, თუმცა, სახლი არც ამ შემთხვევაში გაუმაგრებიათ.

დანგრევის საფრთხე ავლაბარში ასამდე სახლს ემუქრება. ადგილობრივების განსაკუთრებით წვიმის ეშინიათ. ამ დროს ავარიული კედლები კიდევ უფრო მძიმდება და ადვილად ინგრევა.

თბილისის მერი ადასტურებს, რომ ავლაბარში ბევრი ავარიული სახლია და ეს დედაქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ის პირობას დებს, რომ ექნება კონკრეტული პროექტის ინიციატივა ავარიულ ბინებთან დაკავშირებით, თუმცა უახლოეს პერიოდში არა. 

დღის ამბები