21 დეკემბერი 2024,   19:05
ვრცლად
მართლა უმრავლესობაში ნუ გგონიათ თავი - დაპირისპირება და ხმაური დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლების გამოკითხვის შემდეგ დაიწყო.

ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრების დაკითხვის დასრულების შემდეგ კომისიის წევრებმა სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გააგრძელეს მუშაობა თუმცა, ეს შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასა და „ევროპულ საქართველოს“ შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ დააყენა საკითხი, რომ თუ კომისიის მუშაობაში ექსპერტები ჩაერთვებიან, მაშინ მათი ვინაობა წინასწარ უნდა გახდეს ცნობილი კომისიის ყველა წევრისთვის.

უმრავლესობის წევრებისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიაში იმუშაონ წინა ხელისუფელების შსს-ს მაღალჩინოსნებმა, ზაზა ჭაიამ და ირაკლი ქადაგიძემ.

სწორედ ამის შემდეგ უკვე დაპირისპირება კომისიის სხდომაზე პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილის, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, კონკრეტული ექსპერტებზე საუბარი პრინციპულად არასწორია.

„მე ხომ გისმენდით, თქვენ გგონიათ, რომ მსიამოვნებს თქვენი მოსმენა ძალიან? მესმის, რომ ფსიქოლოგიურად რთულია უმრავლესობის უმცირესობაში აღმოჩენა, მაგრამ მოგიწევთ ამაზე შეგუება,“ - მიმართა გიგა ბოკერიამ ეკა ბესელიას.

ამის პასუხად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ სწორედ მმართველი გუნდის წევრებმა გადაწყვეტეს, რომ საპარლამენტო უმცირესობას დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა ჰქონოდა.

„ნუ ჩავარდებით ხიბლში, მართლა უმრავლესობაში ნუ გგონიათ თავი, ეს ძალიან დროებითი, დროში შემოსაზღვრული მოცემულობაა, ამიტომ, ეს ხშირად გაიხსენეთ ხოლმე იმიტომ, რომ შეიძლება ისე დაიჯეროთ, რომ მერე სულ აგერიოთ ვერტიკალები,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები