21 დეკემბერი 2024,   19:10
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა პოლიტიკური ურთიერთბრალდებებით დასრულდა

ხორავას ქუჩის სისხლიანი გარჩევის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა პოლიტიკური ურთიერთბრალდებებით დასრულდა. დაპირისპირება ეკა ბესელიასა და გიგა ბოკერიას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკა ბესელიამ კომისიის მუშაობაში იმ ექპერტების ჩართვა გააპროტესტა, ვინც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ზაზა ჭაია და ირაკლი ქადაგიძე საგამოძიებო კომისიის ექსპერტების სტატუსი არ უნდა მიენიჭოთ.

კომისიისთვის დაკითხვების პირველი დღე ყველაზე მძიმე იყო. დეპუტატებმა მოკლულების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს მოუსმინეს.

ზაზა სარალიძემ დღეს პროკურატურა ზეწოლასა და შანტაჟში დაადანაშაულა და პარლამენტის წევრებს დეტალურად უამბო, როგორ ემუქრებოდნენ მას სამართალდამცველები და როგორ უთვალთვალებდა სუს-ი.

ზაზა სარალიძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქმის გაყალბების მთავარი ინიციატორი პროკურატურის და სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი იყო. დღეს გაირკვა ისიც, რომ მირზა სუბელიანი სარალიძეების ოჯახთან კომუნიკაციასაც ცდილობდა და ზაზა სარალიძის ოჯახშიც იმყოფებოდა.

დღევანდელ შეხვედრაზე სარალიძემ ეკა ბესელიას მოსთხოვა განემარტა, რატომ გადაიტანა უმრავლესობის წევრმა ხორავას ქუჩის სისხლიანი გარჩევის საქმე პოლიტიკურ ჭრილში.

ზაზა სარალიძის გამოკითხვის შემდეგ, საგამოძიებო კომისიას ინფორმაცია ხორავას ქუჩის საქმეზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ და ადვოკატმა მიაწოდეს. დადუნაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველმა დღეს სხდომიდან 51-ე საჯარო სკოლის დირექტორს გადადგომისკენ მოუწოდა.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრები არ გამორიცხავენ, რომ სარალიძისა და დადუნაშვილების ოჯახის წევრებს გამოკითხვაზე მისვლა რამდენჯერმე მოუწიოთ. კომისიის სხდომის მიმდინარეობას დღეს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აკვირდებოდა.

კომისიის მომდევნო სხდომა უკვე ორშაბათს გაიმართება და იმ პირებს დაკითხავენ, რომლებსაც უშუალო შემხებლობა ჰქონდათ საქმესთან. კერძოდ, კომისიის წევრების კითხვებს უპასუხებენ პროკურორი, ზვიად ფხაკაძე და შსს-ის წარმომადგენელი, კახა სირაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები