21 დეკემბერი 2024,   20:03
ვრცლად
1 გარდაცვლილი და 18 დაშავებული - წეროვანთან მომხდარი ავარიისას დაშავებულები საავადმყოფოში რჩებიან

წეროვანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. სულ შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 18 კი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. რამდენიმეს ოპერაცია დასჭირდა, დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც.

„ერთ პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია. საკმაოდ მძიმე იყო ეს პაციენტი. ამ ეტაპზე არის სტაბილური. იგეგმება კიდევ ერთი ოპერაცია, ის არ არის საშიში, როგორც წინა ოპერაცია. სხვა პაციენტების მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს საშუალოდ და საშუალოზე ოდნავ მძიმედ, სტაბილურად არიან თუმცა მათი დატოვება სტაციონარში საჭიროა. მინიმუმ 24 საათი მაინც დაგვჭირდება,“ - აცხადებს მცხეთის საავადმყოფოს დირექტორი ბაკა თავხელიძე.

გარდაცვლილი ახალგაზრდა 30 წლის არის. როგორც გარდაცვლილის ახლობელი ამბობს, ის სოფელ ქსანის მკვიდრია და მიკროავტობუსით სოფლის მიმართულებით მგზავრობდა.

„ახლა აპრილში გახდა 30 წლის. ახლა გავიგეთ. ზუსტად არ ვიცით. ქსანში მოდიოდა მარშრუტკა და უკნიდან დასჯახებია მანქანა. ზუსტად არ ვიცი,“-ამბობს თინა ახალკაცი.

საავადმყოფოში რჩება 4 წლის ბავშვი. როგორც ექიმები ამბობენ, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა წეროვანთან დაახლოებით სამი საათის წინ მოხდა. სავარაუდოდ, მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა.

დღის ამბები