28 აპრილი 2024,   01:24
ვრცლად
"გამოძიებაში არის ბევრი ხარვეზი, ამას უკვე საგამოძიებო კომისიის საქმიანობა ცხადყოფს"- არასამთავრობოები მოზარდების მკვლელობის საქმეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ. სამოქალაქო სექტორის აზრით, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო, რომ საზოგადოებას და ერთი-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს გამოძიების მიმართ ნდობა ჰქონოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა გაარკვიოს იყვნენ თუ არა პროკურატურის მაღალჩინოსნები დანაშაულის დაფარვაში ჩართულები.

„სახელმწიფომ მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, მიუხედავად ამ ადამიანის პროტესტისა, მაინც ვერ მოახერხა ის, რომ მას ჰქონოდა ნდობა გამოძიებასთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო კომისიამაც თავისი საქმიანობა იმ მიმართულებით წარმართოს, რომ ვიცოდეთ, იყვნენ თუ არა მაღალი თანამდებობის პირები საქართველოს პროკურატურაში ჩართულები იმისთვის, რომ გამოძიებას სიმართლე არ დაედგინა,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობითაც დგინდება, რომ მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაში ბევრი ხარვეზია.

„ფაქტია, რომ გამოძიებაში არის ძალიან ბევრი ხარვეზი, ამას უკვე, როგორც საგამოძიებო კომისიის საქმიანობა ცხადყოფს. ხელისუფლება ახლა უნდა იყოს დაკავებული არა მარტო საქმეზე გამოძიებით გაგრძელებით, არამედ იმ პირების იდენტიფიცირებით, რომლებმაც განზრახ ან გაუფრთხილებლობით არ განახორციელა სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, რამაც გამოძიება ჩიხში შეიყვანა,“- განაცხადა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.

დღის ამბები