შავი PR პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ - მსოფლიო ბანი მის წინააღმდეგ დაწყებულ დისკრიმინაციულ კამპანიაზე საუბრობს.
მსოფლიო საოპერო თეატრებში, იქ სადაც პაატა ბურჭულაძის სპეკტაკლები და პრემირებია დაგეგმილი, ბოლო თვეებია საქართველოდან რეკავენ ადამიანები და ორგანიზატორებს უყვებიან, რომ ბურჭულაძე არის ბრალდებული თაღლითობაში, რომ მან გაჭირვებულ ბავშვებს მოპარა ფული და რომ მასზე საქმეა აღძრული.
საუბარია ფონდ იავნანაზე და ამ ფონის საქმიანობის თაობაზე დაწყებულ გამოძიებაზე. პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ აქტიური კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკაში მოულოდნელად მოსული მსოფლიოში აღიარებული მომღერალი არჩევნების დამარცხების შემდეგ პოლიტიკიდან წავიდა. საგაზეთო და ინტერნეტ-სტატიების გამოქვეყნების შემდეგ კამპანია აქტიურ ფაზაში 2017 წლის 12 სექტემბერს შევიდა, როცა ინტერნეტ-ტელევიზია პოსტTV-მ ვრცელი ფილმი მოამზადა სახელად "იავნანით მიძინებული სიმართლე" სადაც საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ მიითვისა ბავშვებისათვის შეგროვილი ფული ბურჭულაძემ საკუთარი კეთილდღეობისთვის, ფილმის გასაჯაროებიდან ერთი დღის შემდეგ კი აღშფოთებულმა მოქალაქემ კამერების თანხლებით სარჩელი პროკურატურაში შეიტანა.
ვითარება ისე შორს წავიდა, რომ საქმეში მომღერლის ავსტრიელი ადვოკატები ჩაერთვნენ და აცხადებენ, რომ თუ ცილისმწამებლური კამპანია არ შეწყდება, ისინი ყველა პუნქტს დეტალურად შეისწავლიან და ყველა სიცრუეზე პასუხს აგებინებენ არამართებული ინფორმაციის გამავრცელებლებს.