51-ე სკოლის სამი მანდატური უკვე 2 საათია, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს პასუხობენ.
მათი დაკითხვაზე დაბარების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც წინა სხდომაზე 51-ე სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ სკოლის საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მანდატურებს მისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
კომისიის წევრების კითხვები სკოლის საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტს შეეხება.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის თქმით, სკოლის ადმინისტრაციასთან გასაუბრების შემდეგ ცხადი გახდა, რომ სკოლის უსაფრთხოების საკითხები იყო სრულიად მოშლილი.
„სკოლის უსაფრთხოების საკითხები იყო სრულიად მოშლილი, დარღვეული იყო კოორდინაცია მანდატურებსა და სკოლის ადმინისტრაციას და მანდატურებსა და მანდატურის სამსახურს შორის. ეს კავშირები და კოორდინაცია სრულიად მორღვეულია,“ - განაცხადა რატიანმა.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საინტერესოა, იცოდნენ თუ არა აღნიშნული ინციდენტის შესახებ მანდატურებმა და ზოგადად, ფიქსირდება თუ არა ჩაგვრის შემთხვევები 51-ე სკოლაში.
„თუ ფიქსირდება, რა რეაგირება ხორციელდება მანდატურების და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან და რაც მთავარია, ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგოთ, ფლობენ თუ არა ისინი ინფორმაციას იმ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ, რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.
საგამოძიებო კომისიის დღევანდელი სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ხვალ კი არასრულწლოვანი მოწმეები დაიკითხებიან.