20 ნოემბერი 2024,   03:13
ვრცლად
ნურავინ ელოდება, რომ ჩვენი გუნდი წულუკიანის მიმართ გააკეთებს ისეთ განცხადებებს, როგორიც გაუხარდება ვიწრო პარტიულ დაჯგუფებას - თალაკვაძე

"კურიერის" ინფორმაციით, თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე რჩება, შესაბამისად, სწორედ წულუკიანი იქნება საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეც, რომელმაც ახალი მთავარი პროკურორი უნდა შეარჩიოს. თეა წულუკიანის მთავრობაში დარჩენას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობაში.

„ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ თეა წულუკიანი გუნდის წევრია და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არ გაკეთდება ისეთი განცხადება, რაც ოპოზიციას აწყობს.

„თეა წულუკიანი არის ჩვენი თანაგუნდელი, ის არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ნურავინ ნუ ელოდება რომ „ქართული ოცნება“ და ჩვენი გუნდი მის მიმართ გააკეთებს ისეთ განცხადებებს, როგორიც გაუხარდება „ნაციონალური მოძრაობას“ ან რომელიმე ვიწრო პარტიულ დაჯგუფებას, რომელსაც მასთან აქვთ პირადი ანგარიში და შურთ დღეს, რომ ეს ანგარიში როგორმე გაათანაბრონ. ეს ვერ მოხდება. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, ამასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თეა წულუკიანის პროფესიონალიზმსა და პრინციპულობას უსვამს ხაზს თავის განცხადებაში პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე.

„თეა წულუკიანი, დარწმუნებული ვარ, ბევრი მიმუშავია მასთან ერთად ბევრ საქმესთან დაკავშირებით და არის ძალიან პრინციპული, პროფესიონალი და კარგად ართმევს თავს თავის მოვალეობას მინისტრის პოზიციაზე. რაც შეეხება ყველაზე მთავარი ცვლილება სად უნდა განხორციელდეს, უნდა განხორციელდეს საპარლამენტო საქმიანობაში. პარლამენტი უნდა გახდეს ყველაზე მთავარი პოლიტიკური ცენტრი ნებისმიერ საკითხზე, იმიტომ რომ საქართველოში პარლამენტი საპარლამენტო რეპუბლიკაში არის ვალდებული და პასუხისმგებელი მიმდინარე პროცესებზე,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი კი ამბობს, რომ თეა წულუკიანი წარმატებული მინისტრი იყო 6 წლის მანძილზე და იმედოვნებს, რომ ის ისევ იუსტიციის მინისტრად დაინიშნება.

„თეა წულუკიანი არის უაღრესად წარმატებული მინისტრი და უაღრესად წარმატებული ადამიანი ყველა სფეროში, სადაც უმოღვაწევია. ეს იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ეს ყო პოლიტიკური ასპარეზი სანამ არჩევნებს მოვიგებდით, ეს იყო საარჩევნო კამპანია როდესაც ის იყო მაჟორიტარი კანდიდატი ნაძალადევის რაიონში და ეს არის მისი 6 წლიანი მოღვაწეობა იუსტიციის მინისტრის პოსტზე,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები