25 აპრილი 2024,   21:13
ვრცლად
"ჭორები, ტყუილების ლაფი" - იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებმა "გამჭვირვალობის" კვლევა გააკრიტიკეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მომზადებული კვლევა განიხილეს. საბჭოს მოსამართლე წევრებმა კვლევა, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციას ასახავს, ცხარედ გააკრიტიკეს და მას ტენდენციური უწოდეს.

„ცოტა არასერიოზულად გამოიყურება, არსებობს ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციები, დავეკონტაქტოთ, ვიკითხოთ, წავიკითხოთ მეთოდოლოგია როგორ ტარდება. შეიძლება, რომ ნახევარი მილიონი საქმის განმხილველი ორგანიზაცია ექვსმა კაცმა შეაფასოს და აქედან დაიდოს კვლევა. რომ ეს ყველაფერი ობიექტურია,“- განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა კვლევას ჭორები უწოდა. მისი თქმით, დოკუმენტი მყარ საფუძველს არ ეფუძნება.

„არც ეკა გიგაურია მართალი და არც ოლიკო შერმადინი ამ შეგროვებულ ჭორებზე. ეს რომ არ გაგრძელდეს, რაღაც უნდა მოვიფიქროთ. ეს არ არის იმიტომ, რომ ოლიკოს ვუთხრა, იცი ოლიკო, არ გრცხვენია, რა გააკეთე. კარგად იცის, რომ ტყუილებია, იღიმება იქ ზის, მაგრამ იცის, რომ ეს ტყუილებია. ტყუილების ლაფი სასამართლოს და ჩვენ შეგვასხა, ზის და იღიმება,“- განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა.

საბჭოს მოსამართლე წევრებმა საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი გააკრიტიკეს, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევა დაიცვა.

„მე კვლევას ვენდობი, ამიტომ ხოტბას როდესაც ვასხამ, ბატონო ირაკლი, ასეთ კვლევებს, ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი, როგორც საბჭოს წევრისთვის, გარედან ვიცოდე შეფასებები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით,“- განაცხადა საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.

„გამჭვირვალობის“ წარმომადგენლები კი კვლავაც თავის პოზიციაზე რჩებიან, და მიიჩნევენ, რომ დღეს სასამრთლო სისტემას გავლენიანი მმართველები მართავენ.

„ჩვენ მოვისმინეთ მათი დესტრუქციული, აგრესიული, არაეთიკური განცხადებები კვლევის ავტორების მიმართ, რომელიც არ იყო არგუმენტირებული და იყო ძირითადად შეურაცხყოფასა და აგრესიაზე მიმართული. მოსამართლე წევრების საქციელი, მათი საუბრის მანერა შეუფერებელია მოსამართლის მაღალ სტანდარტთან,“- განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტმა, ოლიკო შერმადინმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები