რჩება თუ მიდის-ეს კითხვა თეა წულუკიანმა კვლავ უპასუხოდ დატოვა. ხანგძლივი შვებულებიდან დაბრუნებულმა იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას დარჩება თუ არა თანამდებობაზე მას შემდეგ მიიღებს, რაც პრემიერ-მინისტრი ახალ შემადგენლობას დაასახელებს.
არაოფიციალური ინფორმაციით 11-დან ერთი მინისტრი, რომელსაც ახალ კაბინეტში მამუკა ბახტაძე წარადგენს თეა წულუკიანი იქნება. განახლებულ მთავრობაში წულუკიანს ამჯერად უფრო დიდი უფლებამოსილება ექნება და ის ციხეებსაც ჩაიბარებს.
თეა წულუკიანი მინისტრის პოსტზე დარჩენა ნიშნავს, რომ ის უხელმძღვანელებს საპროკურორო საბჭოს, მომდევნოს სხდომას. ამ სხდომაზე წარდგენილი 3 კანდიდატიდან ახალი მთავარი პროკურორი უნდა შეარჩიონ. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ის კანდიდატებს არც კითხვებს დაუსვამს და არც კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. სამიდან ერთ-ერთი კანდიდატთან შალვა თადუმაძესთან იუსტიციის მინისტრს ნათლიმირონობა და მეგობრობა აკავშირებს.
იუსტიციის მოქმედ მინისტრთან მიმართებაში მმართველ გუნდში პოზიციები ორად არის გაყოფილი. „ოცნების“ წევრი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ წულუკიანმა თანამდებობა არ უნდა შეინარჩუნოს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი თეა წულუკიანის მიმართ სიმპათიებს ღიად გამოხატავს.
ოპოზიცია კი ამბობს, რომ წულუკიანი ივანიშვილის ფავორიტია და ამასთან ბევრიც იცის, ამიტომ მას არ გაუშვებენ.