„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მომზადებულმა დასკვნამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრი გააღიზიანა. საბჭოს მოსამართლე წევრებმა კვლევა, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციას ასახავს, ცხარედ გააკრიტიკეს და მას ტენდენციური უწოდეს.
ამტკიცებდნენ, რომ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევა საეჭვოა და დოკუმენტში მოყვანილი ფაქტების არ სჯერათ. გაღიზიანების მიზეზი, კვლევის ის ნაწილი გახდა, სადაც ყოფილი მოსამართლეები და მოქმედი ადვოკატები საუბრობენ, თუ როგორ იღებენ ქრთამს სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად.
საბჭოს მოსამართლე წევრებმა დღეს კვლევის ავტორების გარდა, მწვავედ გააკრიტიკეს ის კოლეგებიც, რომლებმაც დოკუმენტს ნდობა გამოუცხადეს და საგამოძიებო უწყებებს კვლევით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.
ამ დაპირისპირებას პირადად ისმენდნენ კვლევის ავტორები, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საბჭო ჩვეულ სტრატეგიას მიმართავს და კრიტიკოსებს თავს ესხმის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ სასმართლოში არსებული ელიტური კორუფციისა და კლანური მმართველობის შესახებ ვრცელი კვლევა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში სისტემაში არსებული კორუფციის შესახებ ყოფილი მოსამართლეები და მოქმედი ადვოკატები ლაპარაკობენ.