სამებაში, ჯვარცმასთან დღეს ერთ-ერთმა მღვდელმსახურმა ორ თვემდე ასაკის ახალშობილი იპოვა. კამერების გაშიფვრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პატარა გოგონა ტაძარში დედამ დატოვა, რომელსაც სავარაუდოდ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
მამა იოანე მჭედლიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ დედა საკუთარ ჩვილთან ერთად სამების ტაძარში საეჭვოდ გადაადგილდება. რამდენიმე წუთში კი ჩვილს, რომელიც ქალბატონს ეჭირა, ტაძრის სამხრეთ ნაწილში ჯვარცმის ადგილზე პოულობენ. 2 თვემდე გოგონა პირველად მესანთლემ ნახა.
დედამ, რომელსაც სავარაუდოდ ფსიქიური პრობლემები აქვს, ბავშვი სახლიდან ჩუმად გამოიყვანა. ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
გოგონას მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, დამაკმაყოფილებელია. მიტოვებული ბავშვის საქმეს ახლა სოციალური აგენტი სწავლობს. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ჩვილის ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა და სოციალური პირობები უნდა შეისწავლონ, ამის შედეგად გადაწყდება, დააბრუნებენ თუ არა ახალშობილს ოჯახში. ბავშვის დედა ამ დროისთვის უკვე ფსიქიატრიულ კლინიკაშია მოთავსებული.
2 თვემდე გოგონას სახლში დედა, ბებია და ბაბუა ზრდიდნენ, ჩვილის ბაბუა დღეს იაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა. ცნობილია, რომ ოჯახი გოგონას დაბრუნებას ითხოვს.