გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორი,“ სავარაუდოდ პირველ არხზე აღარ გავა. მისი ავტორი ფიქრობს, რომ პროექტი შესაძლოა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მომზადებულ ფილმს შეეწიროს.
ცვლილებები რომ „გამომძიებელი რეპორტიორის“ წინააღმდეგ არის მიმართული, ამაში დარწმუნებულია მოკლული დავით სარალიძის მამა. ზაზა სარალიძე დღეს ადვოკატთან ერთად სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. ირინა ფუტკარაძემ კი მათ განუმარტა, რომ გადაცემის ეთერიდან შესაძლო მოხსნა არ უკავშირდება მოზარდების მკვლელობის საქმეზე მომზადებულ ფილმს.
ჟურნალისტური გამოძიების მომზადება და ეთერში განთავსება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებაა. პირველ არხზე ამბობენ, რომ თუ გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორი“ დაიხურება, გაჩნდება სხვა ალტერნატივა და ფილმებს კონკურსის წესით შერჩეული სტუდიები მოამზადებენ.
როგორ უნდა მომზადდეს ჟურნალისტური გამოძიება, ამ თემაზე განსხვავებულია სამეურვეო საბჭოს წევრების მოსაზრება. ნაწილი ფიქრობს, რომ კონკურსის წესით ახალი გამომძიებელი ჟურნალისტების შერჩევა სწორია. ნაწილის აზრით კი გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორი“ არხმა უნდა შეინარჩუნოს.
მომავალი სამი წლის პროგრამული პრიორიტეტები, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ჟურნალისტური გამოძიებაა, სამეურვეო საბჭომ ამ თვის ბოლოს უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ უკვე კონკურსის წესით შეირჩევა გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.