საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერსა და მამუკა ბახტაძეს შორის მოლაპარაკებები 45 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
შეკითხვა რუსეთის პრეზიდენტის იმ განცხადებაზეც დაისვა, სადაც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ, თუ საქართველო ან უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება, რუსეთის რეაქცია „უკიდურესად უარყოფითი იქნება".
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთს არა აქვს უფლება, გადაწყვიტოს, მის მეზობელ ქვეყნებს რისი გაკეთება უნდათ.
ალიანსის გენერალური მდივანი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ნატო-ს 29-ვე წევრმა ქვეყანამ სამიტზე დაადასტურა, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება.
„რუსეთს არანაირი უფლება აქვს, გადაწყვიტოს, რისი გაკეთება სურთ მის მეზობლებს. საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა და მას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. მათ შორის ისიც, რომელი ორგანიზაციის ნაწილი სურს, რომ გახდეს. სრულიად მიუღებელია ჩვენთვის, როდესაც ერთი მეზობელი მეორე მეზობელს ეუბნება, რისი გაკეთება შეუძლია ან რისი არა, რადგან ეს არის ძველი იდეა გავლენის სფეროების ხელახლა ჩამოყალიბების შესახებ, სადაც დიდი ქვეყნები წყვეტენ, პატარებმა რა უნდა გააკეთონ. ჩემი სამშობლო ნორვეგიაც პატარაა ქვეყანაა და, როდესაც ნატო-ს შეუერთდა, არასდროს დაუშვია, რომ საბჭოთა კავშირს ჰქონდა რაიმე უფლება, უარი ეთქვა მის ალიანსში გაწევრიანებაზე. ზუსტად ასეთი ვითარებაა დღესაც. საქართველოც პატარა, სუვერენული და თავისუფალი ქვეყანაა, რომელსაც აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა. ამით ის არც რუსეთის პროვოცირებას ახდენს და არც საფრთხეს უქმნის მას. რეალობა ისაა, რომ 29 მოკავშირე და თავად ასპირანტი ქვეყანა-საქართველო იღებს გადაწყვეტილებას, როდის შეუერთდება ნატოს. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ნატოს 29-ვე წევრმა ქვეყანამ ხელახლა დაადასტურა სამიტზე, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და, რომ მოკავშირეები დაეხმარებიან მას წევრობისკენ მიმავალ გზაზე და პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერასაც გაუწევენ,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.