07 დეკემბერი 2024,   19:16
ვრცლად
გამოძიებას კითხვები აღარ დარჩა... დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება - დაკავებული მოზარდის ადვოკატები პოლიციის მთავარ სამმართველოში შევიდნენ 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ არასრულწლოვანს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. დაკავებულის ადვოკატები და მისი კანონიერი წარმომადგენელი - დედა, დაახლოებით ნახევარი საათის წინ შევიდნენ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში. 

დაკავებული მოზარდისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა რამდენიმე წუთში დაიწყება. მას შემდეგ რაც ადვოკატები ოფიციალურად ჩაიბარებენ საქმის მასალებს, დაცვის მხარე აცხადებს, რომ უფრო დეტალურად შეეძლებათ საქმეზე საუბარი. 

გამოძიება მას ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ, ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.

51-ე სკოლის მოსწავლე პოლიციამ გუშინ დააკავა და მისი დაკითხვა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გვიან ღამემდე გრძელდებოდა.

გამოძიებაში მიცემული დაკითხვისას დაკავებული მოზარდების მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას მონაწილეობაზე საუბრობდა, თუმცა მოგვიანებით, სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მან ეს ფაქტი უარყო.

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოძიებას კითხვები აღარ დარჩა. თუმცა გოჩა კვარაცხელია არ გამორიცხავს, რომ დაკავებული მოზარდის მიმართ გამოძიებას გარკვეული კითხვები დეტალების დაზუსტების მიზნით დღესაც გაუჩნდეს.

„რა კითხვებიც ჰქონდა გამოძიებას ყველა კითხვას გასცა ობიექტური, სრულყოფილი პასუხი.

გამოძიებას მის მიმართ კითხვები არ დარჩენია.  რასაც მან გუშინ კითხვებს გასცა პასუხი გეტყვით, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. თუ კიდევ რამე კითხვები აქვს გამოძიებას მივცემთ ობიექტურ და სწორ ჩვენებას,“-ამბობს დაკავებულის ადვოკატი გოჩა კვარაცხელია.

რაც შეეხება მოზარდზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს, რაზეც მოკლული მოზარდის მამა საუბრობდა, ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული მოზარდის მიმართ, ჩვენების შეცვლის მოთხოვნით ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

„არანაირი ზეწოლა არავის მხრიდან ცნობილი არ არის და არავის მხრიდან ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია... თუ იქნება ბრალის წარდგინება დეტალებზე ამის შემდეგ ვისაუბრებთ“-ამბობს კვარაცხელია.

მოზარდის მამის განცხადებით, მომხდარზე ვრცლად მას შემდეგ ისაუბრებენ, რაც საქმის მასალებს გაეცნობიან. 

დღის ამბები